პარასკევს გამართული ალასკას სამიტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთ ისტორიულ ღონისძიებას მასპინძლობს. ამჯერად ლოკაცია ვაშინგტონია, შეხვედრის ადგილი კი თეთრი სახლი. დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკაში ჩავა და დიდი შვიდეულს ოთხივე ევროპელ ლიდერთან, ასევე NATO-ს გენერალურ მდივანთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად დონალდ ტრამპს შეხვდება. სამიტს შტატების ლიდერის უახლოესი ევროპელი მოკავშირე და უკრაინის ღია მხარდამჭერი, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბიც დაესწრება.
მრავალმხრივი შეხვედრის მიზანი ალასკას სამიტზე, პუტინის მიერ წამოყენებული პირობების განხილვა იქნება. ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ისაუბრებენ ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის, ტერიტორიების გაცვლისა და რუსეთისთვის სანქციების მოხსნის თემებზე. განხილვის თემა იქნება ამერიკა-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი შეხვედრაც, რომლის ჩატარების მზაობაც უკვე სამივე მხარემ გამოთქვა.
თეთრ სახლში დაგეგმილი ვიზიტის დეტალური განრიგი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა დანამდვილებით ვიცით ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში მიიღებს. სავარაუდოდ, მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საერთო პრესკონფერენციაც გაიმართება.




























