მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამოუკიდებლობის ნაკლებობა და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა - ევროკომისიის ანგარიში საზმაუს აკრიტიკებს

საზმაუ

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დამოუკიდებლობა აკლია, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას,- ამის შესახებ ევროკომისიის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში წერია.

ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით, დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.

ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას კრიტიკულად აფასებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მან არაპროპორციულად გამოყო საეთერო დრო და საარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი (61%) „ქართულ ოცნებაზე“ იყო ორიენტირებული.

მასში ასევე მოხვდა, 2025 წლის აპრილში ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ არჩევის საკითხი. ასევე, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სამსახურიდან განთავისუფლება.

თავის მხრივ, ანგარიშს განცხადებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებელი: "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები – ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს.

განსხვავებული მოსაზრებების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — საზოგადოების ინტერესის დაცვასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები