საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დღემდე გამოუქვეყნებელი 80 000-მდე განკარგულება საჭიროებს სისტემატიზაციას და ისინი დამუშავების შემდეგ აიტვირთება. ასე უპასუხა მან BMG-ის შეკითხვას იმის შესახებ - როდის აიტვირთება გამოუქვეყნებელი განცხადებები. ირაკლი კობახიძეს სამთავრობო გადაწყვეტილებების ამსახველი 2021 წლის სექტემბრის შემდეგ 2022-2023 წლების განკარგულებების გამოქვეყნების ვადები არ დაუკონკრეტებია.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამოცემული მთავრობის განკარგულებები, რომელთა რაოდენობა 80 000-მდეა, გასაჯაროებული ამ დრომდე არ არის.
"8 თებერვლიდან მოქმედებს ახალი მთავრობა. თქვენ იცით, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ იყო ის, რომ მთავრობის ყველა განკარგულება გახდა გამჭვირვალე. თუ რომელიმე განკარგულებიდან ამოიკითხავთ კორუფციის ნიშანს, მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო, მაგრამ არის ათასობით განკარგულება საჯარო, ღია, გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ვერც ერთ განკარგულებაში თქვენ ვერ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ეს მოაქვს გამჭვირვალობას.
80 000 აქტზეა საუბარი, დამუშავდება და გამოქვეყნდება. საჭიროა სისტემატიზაცია და ამის შემდეგ ერთიანად აიტვირთება. ახლა სისტემატიზაციის პროცესი მიდის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებები 2021-2023 წლებში საერთოდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა, ახალი განკარგულებების გასაჯაროება დაიწყო.
კერძოდ, 3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ პირველი განკარგულება მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ მიმდინარეობდა მუშაობა წინა წლების განკარგულებების გამოქვეყნებაზეც.