მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანა უაითმა Paramount-თან ხელშეკრულების გაფორმებით საბონუსე სისტემაც განაახლა

დანა უაითის ახალი საბონუსე სისტემა

დანა უაითმა UFC-ის მებრძოლებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით სიახლე დანერგა. Paramount-თან შვიდწლიანი, $7.7 მილიარდის ღირებულების კონტრაქტის გაფორმების შემდეგ უაითმა გადადგა ნაბიჯები, რათა სპორტსმენებმა ბრძოლებში მეტი დინამიკა და სანახაობა შეიტანონ.

კერძოდ, კომპანიის პრეზიდენტმა ღონისძიების ბონუსები $50,000-დან $100,000-მდე გააორმაგა - იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც “საღამოს საუკეთესო ბრძოლის” ან “საუკეთესო პერფორმანსის” ჯილდოს მოიპოვებენ. გარდა ამისა, მან დააწესა ახალი $25,000-იანი ბონუსები იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც ნოკაუტით ან მტკივნეული ილეთით დაამარცხებენ მეტოქეს, მაგრამ არ მიიღებენ ზემოხსენებულ ჯილდოებს.

მესიჯი ნათელია: უაითს სურს, უფრო ძლიერი დარტყმები, მეტი ილეთები და ნაკლები უმოქმედობა ოქტაგონზე.

ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია ის, რომ გასულ წელს UFC-მ არ გააგრძელა კონტრაქტი მებრძოლ მარტინ ბუდაისთან, მიუხედავად იმისა, რომ მას პრომოუშენში 7-1 შედეგი ჰქონდა. მისი შვიდი გამარჯვებიდან ექვსი მსაჯების გადაწყვეტილებით იყო მოპოვებული და არა ფინიშით, რამაც კონტრაქტის გაწყვეტა გამოიწვია.

2024 წელს UFC-ის ბრძოლების მხოლოდ 43.7% დასრულდა ფინიშით. ეს ნაწილობრივ უკავშირდებოდა ახალ ხელთათმანებს, რომლებიც წლის დასაწყისში შემოიღეს, თუმცა ნოემბერში ისევ ძველ მოდელზე დაბრუნდნენ. 2025 წელს ბრძოლების 50.2% დასრულდა ფინიშით, რაც დაახლოებით შეესაბამება 2023 წლის მაჩვენებლებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ განახლებული საბონუსე სისტემით UFC 324-ზე უკვე დაჯილდოვდნენ “საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის” მსუბუქი წონის დროებითი ქამრის ახალი მფლობელი ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი, ხოლო “საუკეთესო პერფორმანსისთვის” ჯოშ ჰოკიტი და თივაი მილერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები