დონალდ ტრამპმა რომის პაპ ლეონის წინააღმდეგ, აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკისა და ირანის ომის მიმართ მისი კრიტიკული პოზიციის გამო, მწვავე განცხადებები გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში პონტიფიკოსზე დაწერა, რომ ის "დანაშაულის მიმართ სუსტია და საგარეო პოლიტიკაში - საშინელი". მოგვიანებით კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაპის "დიდი გულშემატკივარი არ არის".
საქმე ისაა, რომ ტრამპის მუქარას, ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ, რომის პაპმა ლეონ XIV-მ "მიუღებელი" უწოდა და მას კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა.
კვირას გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ პაპი "გონს უნდა მოეგოს" და აღნიშნა, რომ ის "ბირთვული იარაღის საკითხში სუსტია".
მოგვიანებით, ჟურნალისტების თხოვნაზე, განემარტა პოსტი, ტრამპმა თქვა: "არ ვფიქრობ, რომ ის თავის საქმეს კარგად აკეთებს. ალბათ დანაშაული მოსწონს. ის ძალიან ლიბერალური ადამიანია და არ სჯერა დანაშაულის აღკვეთის. ის არის ადამიანი, რომელსაც არ სჯერა, რომ არ უნდა ვეთამაშოთ ქვეყანას, რომელსაც ბირთვული იარაღი სურს, რათა სამყარო ააფეთქოს".
ამ განცხადებებს კათოლიკეების მხრიდან მყისიერი კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთმა ექსპერტმა ეს კომენტარები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ფაშისტ დიქტატორებთან პაპის ურთიერთობასაც კი შეადარა.
"ჰიტლერსა და მუსოლინისაც კი არ შეუტევიათ პაპისთვის ასე პირდაპირ და საჯაროდ", - ციტირებს Reuters-ი ექსპერტ მასიმო ფაჯოლის.
გასულ კვირას, სააღდგომო მიმართვაში კი პონტიფიკოსმა (კონკრეტული ქვეყნების დასახელების გარეშე) აღნიშნა, რომ ადამიანები ეჩვევიან ძალადობას და ათასობით სიკვდილის მიმართ გულგრილნი ხდებიან.
"მათ, ვისაც იარაღი აქვთ, დაყარონ ის. მათ, ვისაც ომების გაჩაღების ძალაუფლება აქვთ, აირჩიონ მშვიდობა", - განაცხადა მან.
მიიჩნევა, რომ პაპი ლეო აგრძელებს თავისი წინამორბედის, პაპი ფრანცისკეს ჰუმანიტარულ ტრადიციას. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას, ანტიიმიგრანტული რიტორიკის გამო ფრანცისკემ ტრამპს "არაქრისტიანი" უწოდა. საპასუხოდ, ტრამპმა გარდაცვლილი პაპის ქმედება "სამარცხვინოდ" შეაფასა.




























