50 000 ლარის დანაზოგი ნაღდი ფულის სახით, ცოლის ახალი ბინები და ოფსეტ ანგარიშები, ბავშვების ანაბრები -ასეთია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის ქონებრივი დეკლარაციის ზოგადი აღწერა, რომელიც მან 2025 წლის მდგომარეობით შეავსო.
ხელფასი
პლატონ კალმახელიძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მისი წინამორბედი გიორგი ალადაშვილი შეცვალა. თავად კი მანამდე რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, რისთვისაც გასულ 2025 წელს ხელფასის სახით 52 118 ლარი აიღო. მისი ცოლი შორენა გრიშიკაშვილი ამ პერიოდში საქართველოს ბანკის ფილიალის მმართველი იყო და 100 530 ლარის ხელფასი აიღო.
დანაზოგი და ანაბრები
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ნაღდი ფულის სახით 50 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა. მას ასევე ანაბარი აქვს გახსნილი „საქართველოს ბანკში“, სადაც დეკლარაციის შევსების დროისთვის 14 076 ლარი ჰქონდა. მას და მის ცოლს ანაბარი შვილების სახელზეც აქვთ გახსნილი, სადაც ჯამში 7 200 ლარამდეა. შორენა გრიშიკაშვილს საბარათე (ოფსეტ) ანგარიშზე ჯამში 13 000 დოლარი და 12 547 ლარი ჰქონდა.
პლატონ კალმახელიძე კომპანია „პარტნი - 2“-ში 50% წილს ფლობს, რომელიც მართვის უფლებით ალექსანდრე ბაკურიძისთვის აქვს გადაცემული, ხოლო დანარჩენი 50%-იანი წილის მფლობელი მამუკა კალმახელიძეა.
უძრავი ქონება
2025 წელს პლატონ კალმახელიძის ცოლმა გასულ წელს თბილისში, მარშალ გელოვანისა და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე ორი ბინა შეიძინა. აქედან, გელოვანის გამზირზე 55.84 კვ.მ.-ის ბინა და და 13,75 კვ.მ.-ის ავტოფარეხი ჯამში 88000 დოლარად, ხოლო პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 87.3 კვ.მ.-ის ბინა და 12.5 კვ.მ-ის ფართის ავტოფარეხი 83 824 დოლარად. კახეთის მხარეში რწმუნებული დეკლარაციაში უთითებს, რომ გელოვანზე უძრავი ქონება ცოლმა თბილისში, გოთუას ქუჩაზე ბინის 80 000 დოლარად გაყიდვის შემდეგ შეიძინა. ამასთან, გასულ წელს შორენა გრიშიკაშვილს ძმამ თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე 59.18 კვ.მ.-ის ფართის ბინა აჩუქა. მისსავე სახელზეა თელავში 2019 წელს შეძენილი 525 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი; თბილისში პეტრე იბერის ქუჩაზე 2020 წელს შეძენილი ავტოფარეხი;
თავად პლატონ კალმახელიძე კი ფლობს ონში, მემკვიდრეობით მიღებულ 2 500 კვ.მ.-ის მიწას და 150 კვ.მ.-ის სახლს; თელავში 168 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს და ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში ჯამში 784 კვ.მ.-ის მიწას, რომელიც ასევე მემკვიდრეობით მიიღო;
თელავში, სოლომონ ლიონიძის ქუჩაზე მემკვიდრეობით მიღებულ 441 კვ.მ. -ის საცხოვრებელს სახლს;
შორენა გრიშიკაშვილის სახელზეა 2014 წლიანი მერსედესის მარკის ავტომობილი.




























