დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით გადაიბარა. დასავლური მედიის ცნობით, კოპენჰაგენი ევროკავშირის ამ გადამწყვეტ მომენტში, ორ მთავარ პრიორიტეტს — უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობას — ასახელებს.
„ევროპა გადამწყვეტ მომენტშია. სამყარო, რომელმაც ჩვენი თავისუფლება უზრუნველყო და კეთილდღეობა მოგვიტანა, აღარ შეიძლება თავისთავად მიღებულად ჩაითვალოს“, — განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა თავის მისასალმებელ მიმართვაში.
ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც დანია ევროკავშირის მონაცვლეობით თავმჯდომარეობას იკავებს.
დანიის თავმჯდომარეობა მრავალი კრიზისის ფონზე მიმდინარეობს, მათ შორის, რუსეთის ომი უკრაინაში. შეჭრის დაწყებიდანვე დანია უკრაინის ერთ-ერთი მკაფიო მხარდამჭერი და სამხედრო დახმარების უმსხვილესი დონორია.
ამ დრომდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იყო.




























