დანია მსოფლიო ბანკის "საერთაშორისო განვითარების ასოციაციის" (IDA) ფონდში, რომელიც დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ეხმარება, თავის კონტრიბუციას თითქმის ორჯერ ზრდის.
გლობალური განვითარების იდეისადმი ერთგულების დასადასტურებლად, დანია პირობას დებს, რომ ფონდში 3,3 მლრდ დანიურ კრონას, ანუ 495 მლნ დოლარს შეიტანს, რაც ქვეყნის წინა კონტრიბუციის 40%-იანი ზრდაა.
"საერთაშორისო განვითარების ასოციაციის" ფონდის 21-ე შეხვედრა, დეკემბერში სეულში გაიმართება, ფონდი დონაციებს სამ წელიწადში ერთხელ იღებს.
აღსანიშნავია, რომ დანიის ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აპრილში აფრიკის კონტინენტის ქვეყნებმა ფონდის წევრებს "ამბიციური შევსებისკენ" მოუწოდეს.
"ყველას გვსურს აყვავებული და სამართლიანი მსოფლიო. ფინანსური ვალდებულება კი ხაზს უსვამს დანიის თავდადებას მდგრადი განვითარების მიზნებისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებისადმი. მეამაყება, რომ ჩვენი აფრიკელი პარტნიორების მოწოდებას, მეტი დაფინანსების შესახებ, ასე ვპასუხობთ.
სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, გააერთიანონ ძალები და შემოგვიერთდნენ. იმოქმედონ და საჭირო ინვესტიციები გაიღონ. მხოლოდ ერთად შეგვიძლია იმ გამოწვევების გადაჭრა, რომლებიც მსოფლიოში დგას", - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
IDA მსოფლიო ბანკის საკრედიტო ჯგუფის - IBRD-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ორივე ინსტიტუცია მიზნად სიღარიბესთან ბრძოლას, მდგრად ეკონომიკურ ზრდას და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს და ამისთვის გრანტებსა და დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს. დაფინანსებული ქვეყნების ნახევარი კი ფინანსებს გრანტის სახით იღებენ.
დანია ერთ-ერთია იმ 52 მაღალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანას შორის, რომლებიც მსოფლიო ბანკის ამ ინიციატივას აფინანსებენ.
2022 წელს ფონდმა $93 მილიარდის დაფინანსება გასცა, საიდანაც $23.5 მილიარდი დონორი ქვეყნების კონტრიბუცია იყო. ფონდი ამ პერიოდში 77 ქვეყანას კოვიდ-19-ის შედეგად შექმნილი გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარა.