მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიამ ₾28-მილიონიანი სამხედრო პროგრამა შეაჩერა და საქართველოს მთავრობისადმი ორმხრივ დახმარებას გადახედავს

დანია

დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა შეაჩერა. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, კითხვის საპასუხოდ გაუგზავნა.

საუბარია სამხედრო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც 2023 წელს დაიწყო და საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 71.5 მილიონ დანიურ კრონას, ანუ 28 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. როგორც წერილშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს მთავრობის პირდაპირი დახმარების გადახედვას და ევროპის სამშვიდობო ფონდიდან დახმარების შეჩერებას. ამ ფონზე, დანიამ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლების ორმხრივი დახმარების სრული გადახედვა. ამასთან, სანამ გადახედვის პროცესი მიმდინარეობს, დანია დაგეგმილ აქტივობებს და ახალი პროგრამების დაფინანსებას შეაჩერებს.

წერილში აღნიშნულია, რომ დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგი, რაც დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია.

პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 28 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში, დანიის შიდა გვარდია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებას გაუწევდნენ მედეგობის გაძლიერებაში. უწყებაში აცხადებდნენ, რომ დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები