CNN-ის ინფორმაციით, 2022 წელს დანიაში ბანკის გაძარცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს კი ბანკებში უსაფრთხოების სისტემების, მათ შორის სიგნალიზაციის, სათვალთვალო კამერების გაძლიერებამ და პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობამ განაპირობა. ამასთან ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ნაღდი ფულის გამოყენების ტენდენციაც. Bloomberg-ის ცნობით, დანიაში ნაღდი ფულის გატანის შემთხვევები 75%-ით არის შემცირებული.
დანიაში 2000 წლიდან ბანკების ძარცვის ფაქტები სტაბილურად მცირდება. ორი ათეული წლის წინ წლიურად საშუალოდ 221 ბანკი იძარცვებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დანიაში თითქმის ყოველდღე 1 ბანკს ძარცვავდნენ. 2022 წელთან ერთად, კარგი მაჩვენებელი იყო 2021 წელსაც, როცა ქვეყანაში მძარცველები თავს მხოლოდ ერთ ბანკს დაესხნენ.
CNN-ის ინფორმაციით, სხვა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ბანკების ძარცვების ფაქტების შემცირება მოლარეების რაოდენობის შემცირებითაც აიხსნება. აღსანიშნავია, რომ დანიაში არსებულ 800 ბანკიდან, მხოლოდ 20 ბანკს ჰყავს ისეთი თანამშრომელი, რომელთაც შეხება აქვთ თანხებსა და დეპოზიტებთან.
ბანკებს ნაკლებად ძარცვავენ სხვა ქვეყნებშიც. FBI-ს საბანკო დანაშაულების სტატისტიკის მიხედვით, მაგალითად, აშშ-ში 2021 წელს ბანკები 1724-ჯერ გაძარცვეს, მაშინ როცა 2004 წელს ეს რიცხვი 7556 იყო.