საქართველოში, შესაძლოა, 30 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდეს - სწორედ ამას ითვალისწინებს პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა დანიურმა GDA DanRe-მ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა.
როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული კვლევის მიზანია დაადგინოს, არსებობს თუ არა საქართველოში ამ ტიპისა და მასშტაბის ქარის ელექტროსადგურის აშენების პოტენციალი. ამასთან, ყურადღება გამახვილდება პროექტის შესაძლო სოციალურ-ეკონომიკურ გავლენაზე, რათა ელექტროსადგურმა დააკმაყოფილოს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტები.
“მოხარულნი ვართ, რომ ამ ინოვაციური პროექტის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ”, - განაცხადა GDA DanRe-ს მფლობელი კომპანიის, Danish Renewable-ის გენერალურმა დირექტორმა, ესბენ კრისტენსენმა. “ეს მემორანდუმი არ გულისხმობს მხოლოდ ახალი ადგილის აღმოჩენას - ამ პროექტით, უფრო მწვანე მომავლისკენ ვიკვალავთ გზას. მოხარულნი ვართ, განახლებადი ენერგეტიკის სექტორში არსებული ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში ჩამოვიტანოთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს წამოწყება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მდგრადი მიზნების მიღწევის პროცესში”.
როგორც საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროექტის მიხედვით, ელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 125.8 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს. ცნობილია პროექტის სავარაუდო ბიუჯეტიც, რომელიც 45.1 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ ამასთან, პროექტის ოპერირების პერიოდში, ქონების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 451,000 დოლარი შევა.
დანიური GDA DanRe ორი დანიური კომპანიის, Danish Renewable-ისა და GDA Green Energy-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც განახლებადი ენერგოპროექტების განვითარებითაა დაკავებული. კომპანიის აქციონერებს შორისაა მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე, რომელიც საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის ხელმოწერის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ Danish Renewables-ის ერთ-ერთი პარტნიორის დამფუძნებელი ვარ, რომელიც საქართველოში მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით პროექტებს განავითარებს. გვახარებს, რომ გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებასთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას და 30 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის შექმნას გულისხმობს", - ვკითხულობთ გიორგი შაგიძის განცხადებაში.