დანიური კომპანია Salling Group-ი მაღაზიებში Hive Robots-ის ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავს პროდუქციის თაროებზე დასალაგებლად. მიზანი პერსონალის რუტინული სამუშაოსგან განტვირთვაა, რათა თანამშრომლებმა მეტი დრო მომხმარებელთა მომსახურებას დაუთმონ, რობოტები კი ძირითადად ღამით იმუშავებენ.
პროდუქტის აღება, თაროზე განთავსება და ერთი და იმავე მოძრაობის საათობით გამეორება - კოპენჰაგენთან მდებარე სუპერმარკეტ Føtex-ში რობოტები საცალო ვაჭრობაში ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმის შესრულებას სწავლობენ.
დანიური სტარტაპ Hive Robots-ის მიერ შემუშავებული და ჩინური კომპანია Unitree-ს მიერ აწყობილი აპარატები ივნისიდან მოყოლებული სპეციალურ მომზადებას გადიან. ამ ეტაპზე მათ თითოეულ მოძრაობას ოპერატორები მართავენ, რაც ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა პროდუქტთან მუშაობის შესწავლაში ეხმარება.
გეგმის მიხედვით, რობოტებმა თაროების დამოუკიდებლად შევსება 2027 წლის დასაწყისისთვის უნდა დაიწყონ და ძირითადად ღამით, სუპერმარკეტის დახურვის შემდეგ იმუშაონ.
ეს ექსპერიმენტი დანიის უმსხვილეს საცალო ქსელ Salling Group-თან ერთად მიმდინარე მასშტაბური ტესტირების ნაწილია, რომელიც ევროპის ექვს ქვეყანაში 2 000-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.
Føtex-ის მონაცემებით, თანამშრომლები სამუშაო დროის 40-დან 50%-მდე თაროების შევსებას უთმობენ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ რობოტები ამ ერთფეროვან ფიზიკურ შრომას ეტაპობრივად საკუთარ თავზე აიღებენ, რაც თანამშრომლებს მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მეტ დროს მისცემს.
სამომავლოდ რობოტებს ვარგისიანობის ვადების შემოწმება, ცარიელი თაროების ამოცნობა და არასწორ ადგილას დადებული პროდუქციის პოვნაც შეეძლებათ. თუმცა ამ ეტაპზე ისინი ადამიანებზე ნელა მუშაობენ და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.
გარდა ამისა, სანამ რობოტები მყიდველებს შორის დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებენ, დანიის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ამიტომ, ამ ეტაპზე ყურადღება ღამის ცვლაზე და იმ სამუშაოებზე მახვილდება, რომლებიც მომხმარებლებისგან მოშორებით სრულდება.
























