British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი, ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ თამბაქოს აქციზის გადასახადთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსში უნდა აისახოს.
ის გამოეხმაურა ვანო მაჭავარიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2020-2021 წლებში თამბაქოს აქციზი არ გაიზრდება.
„მინისტრთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია, თუმცა ურთიერთობა კარგია, მაგრამ დაპირება დაპირებად არ უნდა დარჩეს. ის ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაგვპირდა, რომ სააქციზო გეგმა მინიმუმ სამ წელიწადზე გაიწერებოდა და გახდებოდა საგადასახადო კოდექსის ნაწილი. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. შესაბამისად, კითხვის ნიშნები არის თუნდაც ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებაზე, რომ 2020-2021 წლებში აქციზი არ გაიზრდებაო. თუ არ გაიზრდება, ეს უნდა იყოს არა სიტყვის დონეზე, არამედ ისეთ დონეზე, როგორც არის ასოცირების ქვეყნებში“, - განუცხადა სხვიტარიძემ bm.ge-ს.




























