მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩიაშვილი ბუდაპეშტში მიემგზავრება - რა ზომისაა საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური კავშირები?

უნგრეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატშიც, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს და უნგრეთს შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.

საქართველოს მთავრობას რომ უნგრეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს, ახალი არ არის. უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს. ბოლოს ასეთ განცხადება მან გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ "[საქართველოს] მთავრობას ძალიან ვაფასებ, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ გარემოში. სამწუხაროდ, ევროპაში მრავალ ლიდერს არ ესმის, თუ რა რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა, რასაც აკეთებენ, ამას ძალიან ვაფასებ".

რამდენიმე თვის წინ კი ორბანმა აღნიშნა, რომ "უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა". უფრო მეტიც, უნგრეთმა ისიც განაცხადა, რომ "EU-ის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკების დაწყებისთვის". აღსანიშნავია, რომ ორბანი საქართველოს გასული წლის ოქტომბერში ოფიციალური ვიზიტითაც სტუმრობდა.

რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოსა და უნგრეთს შორის მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 41,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის I ნახევარში 32,6 მლნ აშშ დოლარი იყო. თუმცა სავაჭრო ბრუნვის მეტი წილი იმპორტზე მოდის, რამაც წელს, იანვარ-ივნისში 39,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს კი, აღნიშნული მაჩვენებელი 32.2 მლნ აშშ დოლარი იყო. მეტწილად უნგრეთიდან მედიკამენტების იმპორტი ხორციელდება.

Top-10 საიმპორტო საქონელი:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 24,268.05 ათასი აშშ დოლარი;
2. საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 1,524.03 ათასი აშშ დოლარი;
3. მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა - 1,184.34 ათასი აშშ დოლარი;
4. საოფისე მოწყობილობები - 917.31 ათასი აშშ დოლარი;
5. მსუბუქი ავტომობილები - 834.61 ათასი აშშ დოლარი;
6. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 614.03 ათასი აშშ დოლარი;
7. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 561.67 ათასი აშშ დოლარი;
8. შინაური ფრინველი ცოცხალი - 483.46 ათასი აშშ დოლარი;
9. პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 477.73 ათასი აშშ დოლარი;
10. სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებისაგან - 444.54 ათასი აშშ დოლარი.

წელს გაზრდილია უნგრეთში ექსპორტიც, კერძოდ, იანვარ-ივნისში, ექსპორტი 1,7 მლნ აშშ დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 372 620 აშშ დოლარი.

Top-10 საექსპორტო საქონელი:

1. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 567.13 ათასი აშშ დოლარი;
2. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 387.03 ათასი აშშ დოლარი;
3. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 350.55 ათასი აშშ დოლარი;
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 115.28 ათასი აშშ დოლარი;
5. ელექტრომოწყობილობები შიგაწვის ძრავების ანთების ან გაშვებისათვის - 55.34 ათასი აშშ დოლარი;
6. ნაწილები და საკუთნოები საბეჭდი და გამომთვლელი მანქანებისათვის - 50.71 ათასი აშშ დოლარი;
7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 28.99 ათასი აშშ დოლარი;
8. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 28.71 ათასი აშშ დოლარი;
9. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 25.86 ათასი აშშ დოლარი;
10. მსუბუქი ავტომობილები - 19.10 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან უნგრული ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა 802,800 აშშ დოლარის ოდენობით. გასულ წელს კი უნგრეთიდან საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა ჯამურად 1,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის (2,6 მლნ აშშ დოლარი) და 2021 წლის (3,9 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია.

უნგრეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სტატისტიკა უმნიშვნელოა, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ი პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებს. უნგრეთი საქართველოსთვის ვიზიტორების შემოსვლის თვალსაზრისით TOP-15 ქვეყანაშიც არ შედის. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I და II კვარტლებში, საქართველოს უნგრეთიდან მხოლოდ 3 192 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 628 ვიზიტორით, ანუ 24.5%-ით მეტია.

და ბოლოს, ფულადი გზავნილების სტატისტიკასაც რომ ჩავხედოთ, ვნახავთ, რომ 2024 წლის ივნისში საქართველოში უნგრეთიდან 161 900 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუ მას მიმდინარე წლის დანარჩენ ხუთ თვეს ცალ-ცალკე შევადარებთ. თუმცა, გასული წლის ივნისთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვინაიდან 2023 წლის ივნისში უნგრეთიდან საქართველოში 342 400 აშშ დოლარი გადმორიცხეს. რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, მიმდინარე წლის ივნისში გადარიცხვებმა 23 900 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ივნისში 15 800 აშშ დოლარის გადარიცხვები დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები