მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ომზე პოზიციის გამო, ბორელმა უნგრეთს მინისტერიალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა

ორბანი

უნგრეთს ევროკავშირის მინისტრების მოახლოებული შეკრების მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა, მიზეზი კი უკრაინაში ომის მიმართ მისი პოზიციაა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება და არა უნგრეთში, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ამჟამად უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს პოზიცია როტაციის პრინციპით, 6 თვის ვადით, პირველი ივლისიდან დაიკავა.

ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ახალი თავმჯდომარის ეგიდით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ატარებენ არაფორმალურ შეხვედრას ბლოკის წინაშე მდგარი გლობალური საკითხების განსახილველად. სწორედ ამ შეხვედრისთვის უნდა ემასპინძლა ბუდაპეშტს 28-30 აგვისტოს.

„ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ დგომას გარკვეული შედეგები უნდა მოჰყვეს“, - განუცხადა ბორელმა ორშაბათს ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ დაძაბულობა ევროკავშირსა და ბუდაპეშტს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ივლისში, ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, თვითგამოცხადებული „სამშვიდობო მისია“ წამოიწყო უკრაინაში, რუსეთსა და ჩინეთში. განსაკუთრებული დაძაბულობა კი პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს მოყვა, რადგან ორბანმა ევროკავშირი დაადანაშაულა „ომის მომხრე პოლიტიკაში“.

2 ივლისს, ვიქტორ ორბანი კიევს ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. შემდეგ, რუსეთში იყო, სადაც ვლადიმერ პუტინს უკრაინის პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ესაუბრა. 8 ივლისს კი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები