დღეს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ორბანი საკუთარ ვიზიტს "სამშვიდობო მისიად" მოიხსენიებს, მთავარი საკითხი კი უკრაინაა.
ჩინური სახელმწიფო მედიის, CCTV-ის თანახმად, ორბანთან შეხვედრისას, ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მსოფლიო ძალებს დაეხმარონ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკებების განახლებაში. თავის მხრივ, ორბანმა შეაქო ჩინეთის "კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ინიციატივები" მშვიდობის მისაღწევად და პეკინი აღწერა, როგორც მასტაბილიზებელი ძალა გლობალური ტურბულენტობის ფონზე.
“ჩინეთი უმთავრესი ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ”,- დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.
#China is a key power in creating the conditions for #peace in the #RussiaUkraineWar. This is why I came to meet with President Xi in Beijing, just two months after his official visit to Budapest. #HU24EU #peacemission pic.twitter.com/6UcFkb4ynQ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 8, 2024
"სამშვიდობო მისიის" ფარგლებში, მანამდე ორბანი რუსეთში იყო, სადაც ვლადიმერ პუტინს უკრაინის პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ესაუბრა. ამასთან, მოსკოვსა და პეკინში ვიზიტამდე, 2 ივლისს, ვიქტორ ორბანი კიევს ეწვია. მან ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. საგულისხმოა, რომ 1-ელი ივლისიდან, როტაციის პრინციპით, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ორბანის პუტინთან შეხვედრამ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის კრიტიკა დაიმსახურა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან. მისი თქმით, ევროსაბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა და უკრაინის საკითხის უკრაინის გარეშე განხილვა არ შეიძლება.