მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?

აშშ-ჩინეთი-რუსეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, ისტორიაში პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად, შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები ბირთვული განიარაღება, გლობალური უსაფრთხოება და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

დონალდ ტრამპმა შეხვედრას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ, რუსეთი და ჩინეთი, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოები, არსენალის შემცირების განსახილველად უნიკალურ პოზიციაში არიან და მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

სიტყვით გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზეც, ის გააკრიტიკა და "კონტროლიდან გასულად" მოიხსენია.

თავის მხრივ, სი ძინპინმა ლიდერებს ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომის მიღებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა დაიცვან და კრიზისების პრევენციის მექანიზმები შექმნან.

რაც შეეხება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას, მათ შორის უკრაინის ომის დასრულების კუთხით, ბევრი თანმხვედრი ინტერესი აქვს და საჭიროა ამ პოზიციების კიდევ უფრო დაახლოება.

მან ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონი, პეკინი და მოსკოვი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე საერთო პასუხისმგებლობას იზიარებენ და ეს რეალურ შედეგებში უნდა აისახოს.

კონფლიქტებზე საუბრისას თავისი პოზიცია გააჟღერა სი ძინპინმაც, რომელმაც თქვა, რომ ომებში ჩართულმა მხარეებმა უპირატესობა დიპლომატიურ მეთოდებს უნდა მიანიჭონ და ერთმანეთის "წითელ ხაზებს" პატივი სცენ. მისივე განცხადებით, მიწოდების ჯაჭვების შეფერხების ნაცვლად, ქვეყნებმა ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააფართოონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები