„ეს ძალიან საინტერესო კითხვაა და ამასთან, არც ისე მარტივია მასზე პასუხის გაცემა“ – ასე გამოეხმაურა EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას: „რადგან კარგად იცნობთ ევროპელი ინვესტორების ქცევას, როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის სტატუსი საქართველოსთვის დამატებითი კონკურენტული უპირატესობა იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, საინვესტიციო მიმართულებითაც?“
EBRD-ის პირველ ვიცე–პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან დაახლოების სარგებელი გრძელ ვადაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. „შესაძლოა – ხაზს ვუსვამ შესაძლოა და არა, აუცილებლად – ზოგიერთმა ეკონომიკური წინაპირობის შესრულებამ, რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს ჰარმონიზების ნაწილში – მოკლე ვადაში ტკივილიც კი მიაყენოს საქართველოს ზოგიერთ სექტორს და მის კონკურენტუნარიანობას – მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ბაზარმა აჩვენა საქართველოს თავისი ღირებულება: საქართველო გახდება ბევრად დიდი ოჯახის წევრი, საქართველოსთვის ახალი ბაზრები გაიხსნება – მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი,“ – უთხრა იურგენ რიგტერინკმა „ანალიტიკა“–ს.
EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირშიც არიან ქვეყნები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო სუსტები არიან. „ევროკავშირის წევრობასთან ერთად, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური სტაბილურობა, გეოგრაფიული სტაბილურობა – რასაც მთავრობა ყურადღებას აქცევს – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა კერძო ინვესტორისთვის – ამბობს იურგენ რიგეტრინკი – და აქვე, მოკლე პოსტსკრიპტუმად: შარშანდელი წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო და აქაც, საქართველო აჩვენებს, რომ მას შეუძლია და გამოუვა“.
ერთკვირიანი კავკასიური ტურნეს კვალდაკვალ, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“– მ საქართველოში ვიზიტის დროს ჩაწერა. ეს EBRD-ის მაღალჩინოსნის მეორე ოფიციალური ვიზიტია. პირველი 2019 წელს შედგა და მაშინაც, იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“– ს სტუმარი იყო.