"დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია Concentrix Georgia-ში საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ეს პირველი ოფიციალური კომენტარია, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკის სერიაზე. თავად უწყებას, განცხადება არ გაუვრცელებია. არ პასუხობენ არც სატელეფონო ზარებს.
ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia, სადაც ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული, საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა.
""კონცენტრიქსი" არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO [ბიზნესპროცესების პროცესების აუთსორსინგი] სექტორში. "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ საქართველოში, რომელმაც დასაქმებას შეუწყო ხელი.
თუმცა, მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საკმაოდ აქტუალურია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცველები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. სამართალდამცველების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ კონკრეტულად რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან", - განაცხადა დავითაშვილმა.
ამერიკულ კომპანია Concentrix-ში საგამოძიებო სამსახური შევიდა
რას საქმიანობს ამერიკული კომპანია Concentrix Georgia
სოციალურ ქსელში ამ პირების ან მათი ოჯახის წევრების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, დღეს ფინანსური სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა:
- ატლანტიკური საბჭოს ყველა ქართველ თანამშრომელთან, მათ შორის DFRLab-ის უფროს მკვლევარებთან, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილთან;
- ამერიკულ კომპანია Concentrix-ში, რომელიც თბილისის ცენტრში, ვაკე პლაზაში მდებარეობს, სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს;
- ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა აქტივისტი ძმების, ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლი.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა ქუთაისში მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში. აქ, მიზეზად სამართალდამცველებმა ოჯახს უთხრეს, რომ ჩხრეკა ქოლცენტრს უკავშირდება.