ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia, სადაც ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული, საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა.
Concentrix Georgia-ს ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნებული არ აქვს.
კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად აწვდის სხვადასხვა სერვისს - ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში.
მსოფლიოს მასშტაბით, Concentrix-სს 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
„გლობალური კომპანიების მოზიდვა სააგენტოს ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენთვის ისეთი მსოფლიო ბრენდის მიერ საქართველოზე არჩევანის გაკეთება, როგორიც Concentrix-ია. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის მხარდაჭერას და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოვებას ქვეყანაში“, - აცხადებდა 2021 წელს „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
„საქართველოდან მომსახურების გაწევა თურქულ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ხდება, თუმცა კომპანიაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი გერმანულენოვან კადრზე მოდის. დღეისთვის 150-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ. ყოველთვიურად კი სამუშაო ადგილების რაოდენობას მინიმუმ 30-ით ვზრდით. გარკვეული პროექტებისთვის კადრების გადამზადებაც ხდება. კომპანია 17 წლიდან როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებს“, - ამბობდა 2022 წელს BMG-სთან ინტერვიუში Concentrix-ის უფროსი რეკრუტერი თათია გობეჩია.