ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ახალ მინისტრს, რომელიც მას ამ პოსტზე შეცვლის, წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებით აცხადებს, რომ ის მის მონაპოვარს გულწრფელად გააგრძელებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში წერს.
„წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით, გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები, ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად“, - წერია აზარაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრა 29 თებერვალს გამართა, რის შემდეგაც მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ 1 მარტს გაავრცელა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრი პოსტიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო მოხსნა. ირაკლი კობახიძემ, დღეს უკვე ყოფილ მინისტრს მართვის სტილი და დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ფორმები დაუწუნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ 1 მარტს მედიასთან კომუნიკაციისას განაცხადა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის შერჩევა ფართო კონსულტაციებით მოხდება, რაშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული.