პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას ვერ გაბედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გამოძიების ობიექტურობას შეეხებოდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი ფაქტები იმ ბრალდებების შესახებ, რაზეც მან ისაუბრა.
„რაც შეეხება პროკურატურას, თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. თქვენ ხედავთ, რომ საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს მათ. ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა. თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ შეიძლება ეკავოს პარტიული თანამდებობა და უნდა იყოს ზეპარტიული“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
„ახლა წარმოიდგინეთ, რომ არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს ის ადამიანი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ვერანაირი ფასი ვერ ექნება. კეთილი ინებოს სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება ექნება, წარადგინოს პროკურატურაში, წარადგინოს უწყებებში. ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამეებზე, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი სულით და გულით არის ენჯეოშნიკი, თუ ენჯეოშნიცა, არ ვიცი როგორ ჰქვია, მაგრამ თანამდებობით არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირი. თუ აქვს ფაქტი, წარადგინოს პროკურატურაში. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი მას არ აქვს, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერანაირი ინფორმაციას პროკურატურას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ: პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული საქართველოს პრეზიდენტიც.
„საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.