დღეს საქართველო ბანკირის დღეს აღნიშნავს - ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მოღვაწე ბანკირები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრიბა. ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა “პეისერა ბანკ საქართველოს” CEO-მ დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის მხრიდან გაკეთებული განცხადებით და იმედოვნებს რომ სებ-ი დანარჩენ მხარეებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა პროგრამა განახლდეს.
IMF-თან პროგრამის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. იცით რომ მე კერძო სექტორში ვარ და არ ვარ ჩართული ამ პროცესში, თუმცა შემიძლია ვიმსჯელო იმ განცხადებებზე, რომელსაც აკეთებს ეროვნული ბანკი და ვარ დარწმუნებული, რომ ეროვნული ბანკი დანარჩენ მონაწილეებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამა აღდგეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია.
IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.