სებ-ის ვებგვერდზე ახლაც რომ შეხვიდეთ, გამხსნელ ამბად ნათია თურნავას პრეზიდენტად დანიშვნის ამბავი შეგხვდებათ, სადაც აწ უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფოტოდან გვიღიმის.
მთავარი ამბების ჩამონათვალშია კიდევ ერთი ამბავი ასეთი სათაურით: "საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს".
ამბავი ორივე ენაზეა ხელმისაწვდომი - ქართულადაც და ინგლისურადაც. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი და ალტერნატიული დირექტორი მარნიქს ვან რეი თავიანთ მილოცვაში აღნიშნავენ, რომ მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.
ოფიციალური წერილი თუ მისი ორიგინალი ჩვენ არ გვინახავს; არადა, ამ წერილის ბუნება ძალიან ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. საქმე ის არის, რომ თუ ეს პირადი ხასიათის წერილია და იერონ კლიკი და მარნიქს ვან რეი პირადად - საკუთარი ინიციატივით ულოცავენ ადამიანს, რომელთანაც გარკვეული თანამშრომლობა აკავშირებთ - ეს ერთი საკითხია;
მაგრამ მეორე საკითხია თუკი იერონ კლიკი და მარნიქს ვან რეი IMF-თან დაკავშირებული რეგალიებით წერენ წერილს ნათია თურნავას, ოფიციალურად და ოფიციალურად, IMF-ის სახელით ულოცავენ მას, როგორც ეს წერილშია წარმოჩენილი. თუ რატომ - ამაზე ოდნავ ქვევით მოგახსენებთ ჩემს ანალიზს.
თუმცა, მანამდე, ალბათ ჩემსავით, თქვენი ყურადღებაც მიიპყრო სებ-ის მიერ თარგმნილმა ციტატამაც - თუ რა სიფრთხილით არის შერჩეული მილოცვის ფორმულირება. „გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი)-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში" - წერია სებ-ის ვებ გვერდზე.
დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ ბუნდოვანი რჩება თუ სინამდვილეში, მაინც ვინ ელის თანამშრომლობას ნათია თურნავასთან - ეს ორი ინდივიდი დამოუკიდებლად თუ IMF-ი, როგორც ინსტიტუტი. ამ სტრატეგიულ ბუნდოვანებას ჩემთვის ფანტავს ის, თუ როგორ არის ეს ორი ადამიანი - იერონ კლიკი და მარნიქს ვან რეი მოხსენიებული IMF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
"აღმასრულებელი საბჭო (საბჭო) პასუხისმგებელია IMF-ის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაზე. ის შედგება 25 დირექტორისგან, რომლებსაც ირჩევენ წევრი ქვეყნები ან ამ ქვეყნების ჯგუფები და აღმასრულებელი დირექტორისგან, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეობს. საბჭო, როგორც წესი, ყოველკვირეულად რამდენჯერმე იკრიბება და თავის საქმიანობას აწარმოებს დიდწილად IMF-ის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით" - აღნიშნულია IMF-ის ვებგვერდზე.
ამ აღწერის ბოლო წინადადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ საბჭო ვერ იქნება დამოუკიდებლად IMF-ის პოზიციის გამხმოვანებელი, რადგან ის არ არის მოხსენიებული, როგორც IMF-ის მენეჯმენტის ნაწილი ან მისი თანამშრომელი - უფრო გარე ორგანო ჩანს, რომელსაც ტექნიკური სამუშაოების შესრულება ევალება. მსგავსი თანამშრომლობის პრაქტიკა IMF-ში ფართოდ არის დანერგილი - დარწმუნებული ვარ, არაერთხელ შეხვედრიხართ IMF-ის ვებგვერდზე კვლევებს ან რეკომენდაციებს, რომლებიც უშუალოდ ფონდის თანამშრომლების მიერ არ არის მომზადებული, შეიძლება ფონდის ლოგოთიც დაიბეჭდოს, თუმცა, მათ მიგნებებზე თავად ფონდი კომენტარს არასდროს აკეთებს.
IMF-ის ოფიციალური ვებგვერდიდან ცხადად იკითხება, რომ საქართველო 15 ქვეყანასთან ერთად შედის ჯგუფში, რომლის საბჭოს დირექტორებს შორის არიან იერონ კლიკიც და მარნიქს ვან რეიც. ამდენად, სებ-ის ამბავში IMF-ის აღმასრულებელ დირექტორად მოხსენიებული იერონ კლიკი, IMF-ის ვებგვერდის ლოგიკით, არა მთლიანად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, არამედ - ქვეყნების ჯგუფის მიერ არჩეული საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გამოდის.
ეს კი - ისეთივე ძლიერი აფილირება არ არის საერთაშორისო ინსტიტუტთან, როგორც ეს სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ ამბავშია წარმოჩენილი. ამ სვეტს, ცხადია, გაგრძელება ექნება - მივმართავთ როგორც IMF-ს, ისე უშუალოდ საბჭოს ამ ორივე წევრს - იმისთვის, რომ რედაქტორის სვეტში დასმულ კითხვაზე მტკიცებითი ფორმით გავცეთ პასუხი.
თუმცა, ამ ანალიზით, მინდა კიდევ ერთხელ მივცე შანსი სებ-ს, დეტალურად განგვიმარტოს ამ მილოცვის ბუნება, რომ საბოლოოდ, ისეთივე სირცხვილი არ ჭამოს ქვეყანამ, როგორც NATO-ს მილოცვის შემთხვევაში მოხდა. საფინანსო სისტემას საქართველოში, მის წინაშე არსებული მთელი გამოწვევების ფონზე, IMF-ისგან ტყუილში გამოჭერილი მთავარი მარეგულირებელი ნამდვილად არ სჭირდება.