დარწმუნებული რომ არ ვიყო ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაში, აქ არ ვიდგებოდი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ის გამოეხმაურა „რიონის ხეობის მცველების“ მოწოდებებს, რომლებიც ითხოვენ „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმდეს და ეკონომიკის მინისტრი გადადგეს.
„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას... მე რომ არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აქ არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ეკონომიკის და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება „ნამახვანჰესი“, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























