მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ კრიტიკოსების უმრავლესობას წაკითხულიც კი არ აქვს, ვერევით თუ არა მეწარმის საქმიანობაში -აზარაშვილი

64834e9876f8f
BM.GE
09.06.23 20:11
575
„დარწმუნებული ვარ, კრიტიკოსების უმრავლესობას წაკითხულიც კი არ აქვს, რა ცვლილებებია, ან რას მოიცავს, ან რამდენად ვერევით თუ არა მეწარმის საქმიანობაში“, - აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ სამინისტრო შეზღუდული იქნება და ვერ შეძლებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გამოყენებას, ვერანაირი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება

„როგორც კლინიკების, ისე ფარმაცევტულ ნაწილში საკმაოდ აქტიური რეფორმები გვაქვს დაწყებული და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სექტორში იყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

რა საკვირველია ბიუჯეტიდან ხდება, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, თანხების გახარჯვა და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს. ფარმაცევტულ ნაწილში, მოგეხსენებათ ჩვენ დაწყებული გვაქვს რეფორმები მედიკამენტების ფასების რეგულირების, ასევე ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით,შესაბამისად მნიშვნელოვანია ეფექტიანი კონტროლი. სხვა შემთხვევაში თუ სამინისტრო და სააგენტო იქნება შეზღუდული და ვერ შეძლებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გამოყენებას, ვერანაირი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის მექანიზმები უკვე დანერგილია სხვა სამინისტროების შემთხვევაში. ნებისმიერ საწარმოსა თუ დაწესებულებაში შესვლის და შემოწმების უფლება აქვს შრომის ინსპექციასაც.

„განსაკუთრებულ ცვლილებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ გვქონდეს სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ კლინიკებში შესვლის და შემოწმების უფლება, შეფერხების გარეშე და თუ იქნება შესაბამისი დარღვევის ოქმი, სადაც მითითებული იქნება, რომ კლინიკას ზედმეტად აქვს, ბიუჯეტიდან მიღებული თანხები, მოვთხოვოთ ამ თანხების ბიუჯეტში დაუყოვნებლივ დაბრუნება. ასევე ხარისხის ნაწილში, მოგეხსენებათ, არ გვაქვს კარგი მდგომარეობა, შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებთან დაკავშირებით და ესეც მნიშვნელოვანია ეფექტიანად, სრულყოფილად ვაკონტროლოთ, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობა გვქონდეს დარღვევებზე და გამოსწორების ვადებიც იყოს ლოგიკური და გონივრული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები