ევროპა 250-ზე მეტი მსხვილი მეღვინეობის რეგიონის სამშობლოა, რომლებიც ატლანტის ოკეანიდან კავკასიამდე და ალპებიდან ხმელთაშუა ზღვამდეა გადაჭიმული. ეს ტერიტორიები მოიცავს როგორც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ზონებს, ისე ცივი კლიმატის მქონე ახალ რეგიონებს, რომლებიც საერთაშორისო ყურადღებას სულ უფრო აქტიურად იპყრობენ.
პლატფორმა European Best Destinations-მა სცადა, ღვინის საუკეთესო რეგიონი გამოევლინა. ამისთვის კი საფრანგეთის 70, იტალიის 80, ესპანეთის 70მ პორტუგალიის 25 და გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის, სლოვენიის, საბერძნეთისა და საქართველოს ათეულობით ღვინის რეგიონი შეისწავლა.
ევროპის საუკეთესო ღვინის რეგიონების გამოსავლენად, კვლევა ამ ქვეყნების 90-ზე მეტ წამყვან ტერიტორიაზე დაყრდნობით დაიწყო. აქედან შეირჩა ის მიმართულებები, რომლებიც ერთდროულად გამოირჩევიან როგორც ღვინის უმაღლესი ხარისხით, ისე მოგზაურთა შთამბეჭდავი გამოცდილებით.
თითოეული რეგიონი შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდა:
- მემკვიდრეობა და ავთენტიკურობა;
- ყურძნის ჯიშებისა და ღვინის სტილის მრავალფეროვნება;
- ღვინის ტურიზმის ინფრასტრუქტურა (მარნები, სადეგუსტაციო სივრცეები, ღვინის მარშრუტები);
- ლანდშაფტის სილამაზე და აქტივობები ბუნებაში;
- გასტრონომია, სტუმართმასპინძლობა და ღვინის სასტუმროები;
- მდგრადობა და ადგილობრივი ხასიათი;
- ხელმისაწვდომობა და ვიზიტორთა გამოცდილება.
შედეგად, გამოიკვეთა ევროპის 12 საუკეთესო ღვინის რეგიონი, რომლებიც ღვინის, კულტურის, ბუნებისა და მოგზაურობის ყველაზე შთამაგონებელ სინთეზს გვთავაზობს. საუკეთესო თორმეტეულში საქართველო ვერ მოხვდა.
საუკეთესო ქვეყნად სლოვენია დასახელდა. გამარჯვებულად აღიარებულმა შტირიის რეგიონმა 90-ზე მეტ ღვინის წამყვან რეგიონს გაუსწრო.
შტირია, სლოვენია
ევროპის ყველაზე პერსპექტიული ცივი კლიმატის ღვინის რეგიონი
ღვინის რეგიონის ქულა: 19.5 / 20
ღვინის სრულყოფილების გამოცდილების ინდექსი: 9.8 / 10
"ზოგიერთი ღვინის რეგიონი მხოლოდ დასაგემოვნებლად გიხმობთ, შტირია კი აღმოჩენებს გთავაზობთ: ისტორიული ქალაქები, ვენახებით დაფარული ბორცვები, საოჯახო მამულები და მარნები, სადაც თაობების გამოცდილება ყოველ ჭიქას აცოცხლებს.
ევროპის იშვიათი რეგიონი თუ აერთიანებს ამდენ ღვინის ისტორიას ასეთ კომპაქტურ სივრცეში: მსოფლიოს უძველესი ვაზი, სლოვენიური ცქრიალა ღვინის სამშობლო, სლოვენიის უძველესი საარქივო ღვინო და ისტორიული ქალაქური მარნები, სადაც ვენახები თითქმის ქალაქის კიდიდანვე იწყება.
შტირია სლოვენიის მეღვინეობის გულია, სადაც ღვინო, გასტრონომია, კულტურა და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ეს მხარე უნიკალური ქვერეგიონების მოზაიკითაა წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ტერუარი, ვაზის ჯიშები და ტრადიციები აქვს. შტირიის ტურისტული რეგიონი შვიდ განსხვავებულ მიმართულებას აერთიანებს - მარიბორს, პტუის, იერუზალემს, ჰალოზეს, სლოვენსკე-გორიცეს, რავნო-პოლესა და პოჰორიეს.
ვენახების ლანდშაფტი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს
შტირიაში დაკლაკნილი გზები ბორცვებზე გაშენებულ ვენახებს, სოფლებსა და მასპინძელ მამულებს აკავშირებს. რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხედია შპიჩნიკის გულის ფორმის გზა, რომელიც ვენახებს შორის მიიკლაკნება.
სლოვენიის "იერუზალემში", ლიუტომერ-ორმოჟის ბორცვების ტერასული ვენახები გამორჩეული ლოკაციებითაა ცნობილი, განსაკუთრებით თეთრი ჯიშებისთვის. აქ მზიანი ფერდობები, პანონიის თბილი კლიმატური გავლენა და გრილი ღამეები იდეალურ პირობებს ქმნის ისეთი ჯიშებისთვის, როგორიცაა შიპონი.
ჰალოზეში ვენახები შტირიის ყველაზე ციცაბო ფერდობებს ეკვრის, რაც დრამატულ ლანდშაფტს ქმნის. აქ მევენახეთა თაობებმა თავიანთი ოსტატობა რთულ რელიეფს მოარგეს.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტრადიციულ ხის "კლოპოტეცს" (klopotec) - ქარზე მომუშავე ჩიტების დასაფრთხობ მოწყობილობას, რომელიც რეგიონის ვენახების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
რეგიონის იდენტობა სასმისშიც იგრძნობა: სხვა ცნობილ ჯიშებთან ერთად, აუცილებლად დააგემოვნეთ რანინა (Ranina) - გამორჩეული ადგილობრივი ჯიში, რომელიც შტირიის მდიდარ მეღვინეობის ტრადიციას კიდევ უკეთ გაგაცნობთ", - ვკითხულობთ European Best DestinationS-ის ვებგვერდზე.
ღვინის TOP 12 რეგიონი ევროპაში 2027:
- შტირია - სლოვენია
- ლანგე-როერო-მონფერატო - იტალია
- რიბეირა-საკრა - ესპანეთი
- კამპტალი - ავსტრია
- კიანტი-რუფინა - იტალია
- სანსერი და პუი-ფიუმე - საფრანგეთი
- ეტნა - იტალია
- სომიური და ანჟუ - საფრანგეთი
- ვახაუ - ავსტრია
- ვალე-დ'აოსტა - იტალია
- ალენტეჟუ - პორტუგალია
- ნაუსა - საბერძნეთი
























