მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დასაქმების პროგრამა სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება“ - კაკაურიძე

6343d5652d759
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.22 12:36
712
"საბოლოო ჯამში პროგრამის დადებითი ეფექტი ის იქნება, რომ ის სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრ ხათუნა სამნიძის კითხვას, რომელიც პრემიერის მიერ ამოქმედებული სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის შედეგებს შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის მექანიზმებს აამოქმედებს.

„საჭიროა თუ არა მსგავსი პროგრამა? - პოლიტიკის შესაცვლელად, მსგავსი შინაარსის პროგრამა საჭიროა, თუმცა ეფექტიანობის გაუმჯობესება ამ პროგრამაში ალბათ შეიძლება. წელს დაწყებული პროგრამაა და ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს გარკვეული მონოტორინგის სისტემის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ სამუშაოთი დაკავებულები და გამოირიცხოს ის, რომ ვიღაც ანაზღაურებას ტყუილად აიღებს. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ერთწლიან პერიოდში ამ პროგრამის შეფასება შეგვეძლება. საბოლოო ჯამში პროგრამის დადებითი ეფექტი ის იქნება, რომ ის სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, სოცდაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამისთვის წელს 40 მლნ ლარი დაიხარჯება.

სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის სურვილი, პირველ ეტაპზე, 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა და მათგან 22 ათასი მოქალაქე უკვე დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა; სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები