მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა კერძო სექტორის ჩართვას არ ითვალისწინებს

63243fd61c907
მარიამ ვარადაშვილი
18.09.22 17:30
715
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამისთვის წელს 40 მლნ ლარი დაიხარჯება.

სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის სურვილი, პირველ ეტაპზე, 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა და მათგან 22 ათასი მოქალაქე უკვე დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა; სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.

BMG დაინტერესდა, არის თუ არა ან თუ იგეგმება პროგრამაში კერძო სექტორის ჩართვა, რათა სურვილის შემთხვევაში სოციალურად დაუცველები ბიზნესმაც დაასაქმოს; როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების სახელმწიფო ხელშეწყობის სააგენტოდან ოფიციალურად მოგვწერეს, კერძო სექტორი პირდაპირი ფორმით ჩართვას ეს პროგრამა არ ითვალისწინებს - „სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიმწოდებელი არის – სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ქმნის/შექმნის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას“.

ამასთან, სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და სოციალურად დაუცველ პირებს ღია შრომის ბაზარზე ამისამართებს.

„15 აგვისტოს მონაცემებით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 3 484 სოციალურად დაუცველი (გარდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პირებისა), რომელთაც მათი უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისად, შეეთავაზათ კერძო სექტორში არსებული ვაკანსიები. აღსანიშნია, რომ ამ შემთხვევაშიც ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. შესაბამისად, აღნიშნული არის ასევე დამატებითი სტიმული, რათა სოციალურად დაუცველი პირები გააქტიურდნენ ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მიმართულებით“, - ნათქვამია დასაქმების სააგენტოს წერილობით პასუხში.

ზურაბ აზარაშვილის უწყებისგან ასევე მოვითხოვეთ იმ სექტორების და იმ კომპანიების ჩამონათვალი, სადაც სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ, მაგრამ მხოლოდ სექტორების ზოგადი სია მოგვაწოდეს:

. სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით;
· უძრავი ქონების სააგენტოები;
· გადაზიდვის მომსახურება;
· საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში;
· საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით;
· საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით;
· ბოსტნეულის და ბაღჩეულის, ძირხვენების და ტუბერების მოყვანა;
· გზების და ავტობანების მშენებლობა;
· საავადმყოფოების საქმიანობები;
· ლითონის კარების და ფანჯრების წარმოება;
· საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა;
· ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და ნაწილების წარმოება;
· არასახიფათო ნარჩენების შეგროვება;
· შენობების საერთო დასუფთავება.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც სსიპ დასაქმების სახელმწიფო ხელშეწყობის სააგენტოდან მოგვწერეს, კერძო სექტორში დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირების, საშუალო, თვიური შემოსავალი 578 ლარია.

აღსანიშნია ისიც, რომ დასაქმების სააგენტოს ცნობითვე, ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შემთხვევაშიც სოციალურად დაუცველ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად უნარჩუნდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია; ივლისის მდგომარეობით კი, სოციალური შემწეობის მიმღებთა ოდენობა 3 217-ით გაიზარდა და ჯამში, 664 ათას გადააჭარბა. ბიუჯეტიდან სოციალურ შემწეობაზეც დახარჯული თანხებიც რეკორდული მოცულობისაა და ივლისში 56.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები