PMCG კვლევითი ცენტის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
PMCG-ის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალისა და მიმდინარე წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა 2023 წლის მესამე კვარტალში 600 ლარამდე ხელფასი 169 000 ადამიანს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 19 თებერვალს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების საკანონმდებლო ინიციატივას.
კომიტეტმა პროფკავშირების საკანონმდებლო წინადადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა.
შეგახსენებთ, პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასის ნიშნული 636 ლარი უნდა იყოს.