მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაშვებია, რომ ცალკე მდგომმა, ვიწრო სპეციალიზაციის კლინიკებმა აკრედიტაცია ვერ მოასწრონ- მაია მახარაშვილი

მაია მახარაშვილი

კლინიკებს აკრედიტაციის პროცესის დასასრულებლად 2 თვე აქვთ დარჩენილი. აკრედიტაციის გამცემი ორგანოები ამბობენ, რომ არიან კლინიკები, რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესის ბოლომდე მიყვანაზე, რადგან შეფასების პროცესში აღმოაჩინეს, რომ სტანდარტებზე მორგება გაუჭირდებოდათ. მათ შორის არიან სახელმწიფო კლინიკებიც, რასაც ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სექტორს ახალ რეალობაზე მორგება უჭირს.

საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ მათ წევრ კლინიკებს დათქმულ ვადებში აკრედიტაციის მიღების პრობლემა არ აქვთ. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამოწვევები ძირითადად რეგიონებში, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებებშია. მაია მახარაშვილი სამინისტროს მხრიდან იანვარში ასამოქმედებელი რეგულაციის გადავადებას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მიდგომა მხოლოდ იმ კლინიკებზე უნდა გავრცელდეს, ვისაც აკრედიტაციის პროცესი დაწყებული აქვს, რათა კლინიკები, რომლებმაც აკრედიტაციისთვის შესაბამისი რესურსი დახარჯეს, არასამართლიან პოზიციაში არ აღმოჩნდნენ.

“ასოციაციის წევრ ქსელურ კლინიკებს აკრედიტაციის ნაწილი მოგვარებული აქვთ, ძირითადმა ნაწილმა მიიღო აკრედიტაცია დანარჩენი კი წლის ბოლომდე დაასრულებს. ცალკე მდგომი კლინიკები ასოციაციის ფარგლებში ვინც არიან, ყველამ მიიღო აკრედიტაცია, ასე რომ, ჩვენი ინფორმაციით, წევრ კლინიკებში აკრედიტაციის პრობლემა არ არის.

რა თქმა უნდა, დასაშვებია, ცალკე მდგომ კლინიკებთან განსაკუთრებით, ვიწრო სპეციალიზაციით, უფრო პატარა მოცულობით კლინიკებმა ვერ მოასწრონ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ფინანსებზე, თუმცა ესეც საჭიროა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის სტანდარტებიც არის", - განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსია, გამოცდილება კი ამ ყველაფრის კეთების არ არის.

"დიდ კლინიკებს მეტი საშუალება აქვთ, იგივე ადამიანური რესურსის მობილიზების კუთხით, ვიდრე პატარა კლინიკებს და დასაშვებია, რომ ვერ მოასწრონ აკრედიტაციის გავლა. ვფიქრობ, კლინიკებმა პროცესში მეტი ჩართულობა უნდა აჩვენონ. თავიდან საუბარი იყო ვადების სიმცირეზე, თუმცა ფაქტია, რომ ვადებში ჩატევა მოხერხდა“, - ამბობს მაია მახარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები