„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, ბიზნესისთვის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება გართულდა.
როგორც ლევან ყარალაშვილმა BMG-ის განუცხადა, არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათი კომპანიის ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი დროებით შეფერხებულია.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება განსაკუთრებით დასავლელი ინვესტორების განწყობაზე აისახება, რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან.
„რთულად პროგნოზირებადი გარემო, ის ზოგადი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია, რაც დღეს საქართველოშია, რაიმე საშუალოვადიანი გადაწყვეტილების მიღებას ნებისმიერი ბიზნესისთვის და ბრენდისთვის რთულს ხდის. პოლიტიკური გარემოს, რეგიონალური კონფლიქტის ფონზე, სამწუხაროდ, დასავლელი ინვესტორებისთვის დღეს საქართველო ისეთივე მიმზიდველი აღარაა, როგორც ადრე იყო.
მაგალითად, ჩვენც გვაქვს სავაჭრო ცენტრის პროექტი, რომელსაც მომავალ წელს ან დავაანონსებთ, ან არა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენი ინვესტორების ორი მესამედი ევროპელი ინვესტორები არიან, რომლებიც ლუპით აკვირდებიან ქვეყანას და გადაწყვეტილებას სწორედ არსებული გარემოს მიხედვით იღებენ. აქ მხოლოდ არაპროგნოზირებად გარემოზე არაა საუბარი. გართულებულია ბიუროკრატიული მექანიზმებიც. მართალია, ბევრს ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, თუმცა ერთობლიობაში ეს ფაქტორები პროექტებს აფერხებს“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.