"ჩართვები დაწყებულია. ყველაზე რთული ვითარება კვლავ გურიაში რჩება, თუმცა სოფლების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია", - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა “საქმიანი დილას” ეთერში თქვა. მისი თქმით, თუ სტიქიის პიკურ პერიოდში გურიის აბონენტების 28-30% იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, ამ წუთის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 18-20%-ზეა ჩამოსული.
„ოზურგეთს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა სოფლებში, სადაც ამ დრომდე არ აქვთ ელექტროენერგია.
რამდენიმე სოფელში შეიძლება იყოს გადატეხილი ელექტროგადამცემი ანძების საყრდენები, რომელიც იწონის 400 კილოგრამს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ტერიტორიაზე უნდა შევიდეს ამავე წონის ახალი ელექტრობოძი, რაც განსაკუთრებულ სპეცტექნიკას ითხოვს. ასეთ ადგილებში შეიძლება აღდგენითი სამუშაოები გაიწელოს 2-3 დღე“, - განაცხადა ავთო დვალიშვილმა და დასძინა, რომ კომპანიის ზარალი დიდია, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამისთვის მზად იყო.
დვალიშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემებია აჭარაშიც, მათ შორის ქობულეთში, თუმცა რამდენიმე სოფელია დარჩენილი, სადაც კვლავ შეზღუდულია ელექტროენერგია. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ელექტროენერგია შეზღუდულია იმერეთსა და სამეგრელოშიც.
„მათ შორის ვანის რაიონში, ხარაგაულში, ზესტაფონში. ვანშია ყველაზე რთული ვითარება. მთელი საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ჩამოსულია ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები. ისინი მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.
ჩვენი ტექნიკური სამსახური არ ელოდება გზების სრულად გახსნას, ზოგჯერ ფეხითაც უწევთ მისვლა, თუმცა მუშაობას მაინც ვახერხებთ“, - აღნიშნა "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.




























