მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან - მთავრობა

თოვლი
25.02.25 13:37
718

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. გურიაში დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. როგორც ადგილობრივები BMG-სთან საუბარში აცხადებენ, მოსახლეობა საკვები პროდუქტების გარეშეა დარჩენილი, მაღაზიები სოფლებში ან საერთოდ არ არის, ან დიდთოვლობის გამო დაკეტილია.

გურიის ნაწილის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ ასეთ სოფლებში მოსახლეობასთან მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება აჭარის მხარეს, უხვი ნალექის გამო, ბათუმის ნაწილს გაზი და დენი არ მიეწოდება. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბათუმში, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ყველა კომუნიკაციის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან, აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები