დასავლური სახელმწიფოები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებენ. ამჯერად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვის საფონდო ბირჟაზე (MOEX) დოლარის, ევროს და ფუნტ სტერლინგის გამოყენება აკრძალეს.
ზემოხსენებული სანქცია რუსულ ბანკებსა და კომპანიებს MOEX-ის პლატფორმაზე დასავლური ვალუტით ვაჭრობას შეუზღუდავს, რაც მათთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, რადგან მოსკოვის საფონდო ბირჟა შედარებით მაღალი ლიკვიდურობით და ხელსაყრელი ფასებით გამოირჩეოდა.
სანქცია შეეხება თავად რუსეთის ცენტრალურ ბანკსაც, რომელმაც შეზღუდვის გვერდის ავლის სტრატეგია უკვე მოიფიქრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი ვალუტის გადაცვლას პირდაპირი გზით დაიწყებენ, ხოლო ოფიციალური კურსის დასადგენად ჩინურ იუანზე მიბმულ ინდექსს გამოიყენებენ.
რუსეთის ცენტრალურ ბანკში იმასაც აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ისინი უპრობლემოდ შეძლებენ დოლარითა და ევროთი სარგებლობას, ასევე საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანას და შეტანას.
ერთი შეხედვით, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი სანქცია რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რუსულ საფინანსო სისტემაში ჩინეთის როლი უფრო მეტად გაიზრდება და იუანი დოლარის ალტერნატივად იქცევა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მოთხოვნად ვალუტა სწორედ ჩინური იუანია, რომელიც ტრანზაქციების 54%-შია ჩართული. სავარაუდოდ, დროსთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
რაც შეეხება სანქციის ეფექტს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, რუბლი მცირედით გაუფასურდა და ერთი დოლარის გაცვლითმა კურსმა 91 რუბლს მიაღწია, თუმცა ცვლილება მაინც მინიმალურია.
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დოლარის გამოყენების აკრძალვის გარდა, ამერიკის მთავრობამ დამატებითი სანქციები დააწესა ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ, განსაკუთრებული ყურადღება კი ნახევარგამტარების მიწოდებაზე და ორმაგი დანიშნულების ტექნიკაზე კეთდება. ახალი სანქციების პაკეტით ამერიკის მთავრობა ჩინეთს ღიად ეუბნება - თუ ის რუსეთისთვის სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და ნახევარგამტარების მიწოდებას გააგრძელებს, მაშინ სანქციები მასზეც გავრცელდება.