თბილისიდან 100 კმ-ში, დაშბაშის კანიონის სიახლოვეს, 5 ივნისს ახალი ეთნო სასტუმრო „ედის დაჩა“ გაიხსნა. 1936 წელს აშენებული და ახლახან რესტავრირებული სახლი, სტუმრებს 5 ნომრით ხვდება და ჯამში, 14 ადამიანის მასპინძლობას სთავაზობს.
როგორც ეთნო სახლის დამფუძნებელი, ედვარდ მკრტიჩიანი BM.GE-სთან საუბრობს, სასტუმროს გაფართოება და სერვისების დამატება იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, ობიექტის რესტავრაციისთვის, ჯამში დაახლოებით 160 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 40 000 ლარი საკუთარი ინვესტიცია იყო, 70 000 ლარი CENN-ის დაფინანსება, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ – 30 000 ლარით დაეხმარა ობიექტს, ხოლო ცოტა ხნის წინ, ობიექტმა ავსტრიის საელჩოს, Mercy corps-ის 20 000 ლარის ოდენობის ბიუჯეტი მოიზიდა, რითაც ობიექტს კანიონის პირას აუზი და ორი ფინური აბაზანა აშენდება.
„სასტუმროში ერთი ღამით განთავსება, საუზმით 200 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს. ფასები დამოკიდებულია ნომრის ტიპზე.
ახლა კანიონის პირას აუზს და ორ ფინურ აბაზანას ვაშენებთ, რომლის ინვესტიციაც 20000 ლარს შეადგენს, რაც ავსტრიის საელჩოს დაფინანსებაა. ვფიქრობ, ამ ზამთრისთვის აუზიც და ფინური აბაზანებიც უკვე დასრულებული იქნება, რადგან საქმის 80% გაკეთებულია“, - აცხადებს მკრტიჩიანი.
ტურისტული ობიექტი, მომხმარებელს ევროპული სტანდარტების სამზარეულოსაც სთავაზობს, სადაც ქართული კერძები მათი ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი.
„მას შემდეგ, რაც სასტუმრო გავხსენით, აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებელს მეტი სერვისი სჭირდებოდა. დავწერეთ ბიზნეს გეგმა, რითაც ევროპული სტანდარტების სამზარეულო ავაშენეთ. ჩვენ მომხმარებელს ქართულ, ტრადიციულ კერძებს ვთავაზობთ, რომელიც ჩვენივე ინტერპრეტაციით არის დამზადებული.
სტუმრების უდიდესი ნაწილი უცხოელები არიან. გვსტუმრობენ ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი ნიდერლანდები და ისრაელი. ამ დრომდე, ქართველები ჯამში სულ 4 სტუმარი გვყავდა“, - აღნიშნავს ობიექტის დამფუძნებელი.
გარდა ამისა, სამომავლოდ ობიექტი გაფართოებას გეგმავს. მკრტიჩიანის ინფორმაციით, იგეგმება ოთხი ახალი ნომრის დამატება, რომლებიც ნაწილობრივ კლდეში იქნება გაკეთებული. ამჟამად, პროექტი შესწავლის პროცესშია და თუ ნებართვა მიიღეს, მაშინ სამუშაოები უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.
რაც შეეხება გამოწვევებს, ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის ცნობით, რეგიონში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მუშახელი, რაც ახალგაზრდების მასიური გადინებითაა განპირობებული. ამასთან, გამოწვევაა ინფრასტრუქტურა და წყალი, რომელიც რეგიონს ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.