მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიის, Blackstone-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მონაცემთა ცენტრებში ინვესტირება კვლავაც დიდი პოტენციალის მქონე შესაძლებლობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გარშემო “ბუშტთან” დაკავშირებით რისკები არსებობს.
ჯონ გრეის თქმით, ტექნოლოგიურ კომპანიებს AI-ის გასავითარებლად უზარმაზარი გამოთვლითი სიმძლავრეები სჭირდებათ, რის გამოც ისინი ფიზიკურ ობიექტებში, ანუ მონაცემთა ცენტრებში დიდ ფულს დებენ და ეს ტენდენცია სულ უფრო მეტად ჩქარდება.
McKinsey-ის მკვლევრების შეფასებით, მონაცემთა ცენტრების მშენებლობამ 2030 წლისთვის შესაძლოა გლობალურად $6.7 ტრილიონს მიაღწიოს, რაც სწორედ ამ ტენდენციაზე მიუთითებს.
„გასაკვირია, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენი ინვესტიცია ჩაიდო უკვე ამ სფეროში, ენერგიის შეზღუდვის და მოთხოვნის ზრდის გამო, ეს მაინც მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად რჩება კაპიტალის დასაბანდებლად“, – განაცხადა გრეიმ.
Blackstone-მა 2021 წელს დაახლოებით $10 მილიარდად შეიძინა მონაცემთა ცენტრების ოპერატორი QTS. გრეის თქმით, მას შემდეგ მისი იჯარის მოცულობა 12-ჯერ გაიზარდა, რაც საუკეთესო ამონაგებია საინვესტიციო ჰოლდინგის პორტფელში.




























