მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DataFest Tbilisi -ს განცხადება

DataFest Tbilisi -ს განცხადება
17.04.24 16:35
216

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხოური გავლენის შესახებ კანონი ხელახლა დააინიცირა და დღეს ის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ჩვენს გუნდში კანონპროექტის ხელახლა ინიცირებამ იმედგაცრუება, ბრაზი და გაოგნება გამოიწვია. დაფუძნების დღიდან დღემდე DataFest Tbilisi აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სექტორს, ქვეყანასა და ექსპერტს შორის თანამშრომლობასა და კოლაბორაციას. მეტიც, ფესტივალმა შექმნა გარემო, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოცდილებებისა და ინსპირაციის ერთმანეთისთვის გაზიარება. წლების განმავლობაში ამაყად გვითანამშრომლია არაერთ საერთაშორისო დონორთან, კერძო კომპანიასთან და საჯარო უწყებასთან, რათა ერთობლივი ძალებით შეგვექმნა საინტერესო და შთამაგონებელი გარემო ფესტივალის სტუმრებისთვის.

აღნიშნული კანონი არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიდგომას (ქართულ საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შეზღუდვით), არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალებისთვის პლატფორმა მიგვეცა გამოცდილებების გასაზიარებლად. ვშიშობთ, რომ შემოთავაზებული კანონი ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად.

გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა ახლა უფრო რელევანტურია - უნდა შევქმნათ პლატფორმა გამოცდილების, ცოდნისა და შთაგონების გაზიარებისთვის, რათა ვისწავლოთ ერთმანეთისგან,. გამოვიყენოთ მონაცემები და ტექნოლოგია დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საუკეთესო სტრატეგია იმის კეთებაა, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის — მონაცემთა ენთუზიასტების დაკავშირება და ერთმანეთისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და შთაგონების გაზიარება, რათა წვლილი შევიტანოთ ამ კანონის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

DataFest Tbilisi-შესახებ:

DataFest Tbilisi არის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები