ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი ქვეყნისთვის 39%-იანი ტარიფების დადებას შეეხებოდა. როგორც ცნობილია, ტრამპმა შვეიცარიას ტარიფები მოსალონდელზე მეტად გაუზარდა. ამან, თავის მხრივ, შვეიცარიული კომპანიების აქციების ფასები საშუალოდ 1.8%-ით შეამცირა.
როგორც ირკვევა, კარინ კელერ-სატერი დათმობისთვის ემზადება. მან ტრამპს ამერიკული გაზის იმპორტისა და შტატებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების სანაცვლოდ ტარიფების შემცირება შესთავაზა. უცნობია, დათანხმდა თუ არა ტრამპი ამ შემოთავაზებას. სავარაუდოდ, პასუხი 7 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოდან, თეთრი სახლის განახლებული სატარიფო პოლიტიკის თანახმად, შვეიცარიას ტარიფები თითქმის 10%-ით, 39%-მდე გაეზარდა. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ყველაზე უარყოფითად მდიდრული საათების მწარმოებლებს, კვებით სექტორს და ფარმაცევტულ კომპანიებს დაარტყა. მნიშვნელოვნად შემცირდა მათი აქციების ფასები საფონდო ბირჟაზე.
მაგალითისთვის, ფარმაცევტული სექტორი ყოველწლიურად ამერიკაში $35 მილიარდის ექსპორტს ახორციელებდა. კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, ფარმაცევტულ სექტორს ტარიფების სიმძიმის დროებით ატანა შეუძლია, თუმცა თუ საჭირო ნაბიჯები არ გადაიდგა და ამერიკულ მხარესთან სავაჭრო გარიგება ვერ შედგა, ეს კომპანიებს გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს.
ტარიფების ზრდის გამოცხადებიდან მალევე სამთავრობო სხდომა ჩაინიშნა. ოპოზიციამ და მედიამ კი დამდგარ მძიმე შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად პრეზიდენტ კარინ კელერ-სატერს დააკისრეს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კელერ-სატერმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ვითარება უახლოეს დღეებში შეიცვალოს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარის შორის კი ისეთი სავაჭრო შეთანხმება დაიდოს, რომელიც ორივე მხარეს კმაყოფილს დატოვებს.




























