მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცვის მხარემ სასამართლოში ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა

ბიძინა ივანიშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლოზე, რომელსაც ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, დაცვის მხარემ აუდიოჩანაწერი წარადგინა.

როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბარს ასახავს. მისი თქმით, ამჟამად ჩანაწერს ექსპერტიზა უტარდება.

არსებითი განხილვის დროს, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავალთ, ეს აუდიოჩანაწერი გამოქვეყნებული იქნება სრულად და შესაბამისად, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. საქართველოში არსებულმა ყველაზე დიდმა საექსპერტო ბიურომ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნდათ. იძულებული გავხდით, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა ქვეყნის მიღმა. ჩანაწერი გაკეთებულია სწორედ კრედიტის გაცემამდე და მასში საუბარია კრედიტის დამტკიცების პირობებზე“, - განუცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაშიც კი, ჩანაწერი ბრალდებას ამყარებს.

დღევანდელი სასამართლო სხდომით დადასტურდა ის, რომ მთელი გამოძიების და მტკიცებულებების მოპოვების პროცესი იყო საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად თანხვედრაში. დადასტურებულია კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა. მტკიცებულება უამრავია და ზედმეტად მაღალი ხარისხით ადასტურებს. რაც შეეხება ჩანაწერს, პირველი გარემოებაა ის, რომ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობა უნდა დაადასტუროს შესაბამისმა ექსპერტიზამ. თუ დაცვის მხარე არ თვლის რომ ჩანაწერის ავთენტიკურობაზე კითხვები არსებობს, რატომ დანიშნა თავად ექსპერტიზა? და მეორე, დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ ავთენტიკურია, პირიქით, ბრალდების ყველა კომპონენტის გამამყარებელია“, - განაცხადა საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან.

პროკურორის თქმით, საქმეზე ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხება.

ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, დღეს გაიმართა. გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები