იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ეროვნული ბანკი დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და მრჩეველმა, დავით ბაქრაძემ.