მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან ბოლომდე საბჭოთა მეთოდებზეა დაფუძნებული“ - ბრეგაძე „რუსულ კანონზე“

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ფინანსების გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან ჟურნალისტების მიერ დასმული არაერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არასამთავრობოებმა კეთილი უნდა ინებონ და პარალელი „მანივალთან“ დაკავშირებით უნდა გაავლონ.

„სრულიად უმგვანო და სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ აი ამ თავიანთი ე.წ. ცნობილ facebook-ბანერებზე, სადაც თითქოს კანონი მტრად აცხადებს ამერიკას და ევროპას. ეს სრული მარაზმია და საერთოდ დაუშვებელი. მინდა ყველას შევახსენო, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღო კონსტიტუციის 78-ე მუხლი და კონსტიტუციაში მოხდა საგარეო კურსის დეკლარირება. ჩემი პირადი შეფასებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთი ტყუილებით ამტკიცებს, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას და ევროპას, არის სრული უნამუსობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა დაფუძნებული არის თავიდან ბოლომდე საბჭოთა მეთოდებზე, როცა უბრალოდ უნდა გააშავო, ადამიანს რაღაც დააბრალო და გამოაცხადო ხალხის მტრად. „ტერმინებიც კი ბოლშევიკური აქვთ“, - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ყველას, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს, ალბათ რაღაც აქვს დასამალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაპროტესტებელი არაფერია.

„რამდენიმე ევროპარლამენტარის წერილი იყო წარმოდგენილი. ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო. შესაბამისად, ნებისმიერი კამათი ნებისმიერი აზრის გარშემო არის ობიექტური. ეს არ იყო მთელი ევროპარლამენტის პოზიცია. ეს იყო რამდენიმე დეპუტატის პოზიცია, რომლებიც არ ეთანხმებიან კანონპროექტს. ზოგიერთი მათგანი იმეორებდა ბანერიდან წამოღებულ სიტყვებს, რომ ეს კანონი ამერიკას ან ევროპას მტრად აცხადებს. ვისაც საქართველოს ოფიციალური პოზიცია აინტერესებს, შეუძლია გაეცნოს კონსტიტუციას. აშშ-ის მხრიდან სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, მათ შორის არც ამ ადამიანის[მეთიუ მილერის] განცხადებაში“, - თქვა რატი ბრეგაძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ უხსნის ხელისუფლება პარტნიორებს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მის არგუმენტებს, რომ მსგავსი კრიტიკული განცხადებები აღარ გაკეთდეს, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ აქ მოქმედებს გამოხატვის თავისუფლება და ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები