რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ "აფხაზური ეროვნების აღდგენის" შესახებ კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას ე.წ. საზოგადოებრივი პალატის პრესსამსახური ავრცელებს. კანონის მიხედვით, "აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვთ და, რომლებმაც თავის დროზე აფხაზური გვარები დაკარგეს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი გვარი დაიბრუნონ".
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ გალის რაიონში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად არა ქართული, არამედ აფხაზური გვარები აქვთ. გამოცემის ინფორმაციით, სტალინისა და ბერიას პერიოდში, აფხაზების ნაწილს აფხაზური გვარები ქართულით შეუცვალეს. დე ფაქტო მთავრობას სურს, შემდეგი გვარის ადამიანები აფხაზებად ჩაწერონ: აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ქეცბაია და ა.შ.
BMG-იმ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ჰკითხა: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ქართველებისთვის ეროვნების, გვარების შეცვლას გეგმავენ. რა პასუხის აქვს საქართველოს ხელისუფლებას? რატომ პასუხობს რუსეთი თქვენს მშვიდობიან პოლიტიკას ასეთი ნაბიჯებით?
რატი ბრეგაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავარაუდო დანაშაულებზე დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად, მთავრობა საერთაშორისო ფორმატებს გამოიყენებს.
"ეს ყველაფერი არის ოკუპაციის შედეგი და როდესაც საქართველო ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ტერიტორიის ნაწილზე, იქ არაერთი დანაშაული ხდება. აქ ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებს, ამ დანაშაულების როგორც გამოძიების, ასევე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ ფორმატში ყველა შესაბამის ღონისძიებას გავატარებთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.