ტურისტული კომპანიის “თრიფზის”, “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებლის, თამარ ჩხიკვაძის განცხადებით, ევროპელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ და მარშრუტს ცვლიან. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივში” ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, შემცირებული ევროპელი ნაკადების ფონზე, საქართველოს სიტუაციასთან ადაპტაცია და სხვა ბაზრებზე გადართვა მოუწია. ამასთან, ჩხიკვაძე დასძენს, რომ მათი მრავალწლიანი ევროპელი პარტნიორები მათთან საუბარში აღნიშნავენ, რომ როდესაც ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება, ისინი ამის შემდეგ ჩამოვლენ. მანამდე კი სტუმრობისგან თავს შეიკავებენ.
"ჩვენმა ძალიან კარგმა პარტნიორებმა კანადიდან წელს თავი შეიკავეს საქართველოში მოგზაურობისგან. როცა ერთი ქვეყანა ყოველთვის ევროპა იყო და მეორე საქართველო, წელს უკვე მარშრუტი შეცვალეს და საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ. ასევე მარშრუტი შეცვალეს ამერიკელებმა, გერმანელებმა და ამ პირობებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო. ფაქტიც სახეზეა, რომ ბევრი სასტუმრო დაიკეტა. ბაზარი მთლიანად სხვა მიმართულებაზე გადაეწყო. იმიტომ, რომ რეალურად ის მხარჯველუნარიანი დამსვენებელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული იყო, ფაქტობრივად აღარ ჩამოვიდა.
ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ჩამოდის, მას საღამოს გასეირნება და დროის გატარება უნდა, მათ შორის ჩვენი სერვისის გარეთაც. თუმცა შარშან, ზუსტად აქციების პერიოდში, მოგვიწია გვეთხოვა, რომ გვიან ღამე გარეთ არ გასულიყვნენ, ასევე გარკვეული გეგმების შეცვლაც გვიწევდა. მთელი ტურის განმავლობაში ტურისტები შეზღუდულად იყვნენ. შესაბამისად, აქ ჩამოსვლა ფიზიკურად არ უღირთ. ვუხსნით, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება დაცულია, თუმცა აქ მხოლოდ უსაფრთხოებაზე არ არის საუბარი, ქვეყნის რეპუტაციაზეა საუბარი. ამიტომ, გვითხრეს - “დაწყნარდით და ჩამოვალთო”, ასევე ჩემმა ესპანელმა პარტნიორმა მითხრა, ყველაზე ახლოს იყავით ევროპასთან და რა დაგემართათო. შედეგიც დადგა”, - ამბობს თამარ ჩხიკვაძე.
მისივე შეფასებით, აზიის ბაზარი იმდენად დაბალბიუჯეტიანი მოთხოვნებითაა გამორჩეული, რომ მათ სერვისებთან შეუსაბამობაში მოდის. შესაბამისად, სწორედ ამ მიზეზით იყო მათი ძირითადი სამიზნე ბაზარი ევროპული, მაღალმხარჯველუნარიანი ბაზარი და არა აზიური ბაზარი.
“ავტომატურ რეჟიმში საქართველოს ბაზარი გადაერთო აზიურ მიმართულებაზე, რადგან რაღაც უნდა აკეთო და ჩაანაცვლო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ძალიან კომფორტული მიმართულებაა. ჩემი გამოცდილებით, რაც ბაზარი ვიკვლიე და რა კომუნიკაციაც შედგა ჩვენსა და მომავალ პარტნიორ კომპანიებს შორის, იმდენად დაბალბიუჯეტიანი და არარეალური მოთხოვნა იყო, რომ გამორიცხულია, ჩვენს სერვისს არანაირად ერგებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ მიმართულებაზე გადაერთო, პირდაპირპროპორციულად სასტუმროებიც, გასტრონომიაც ამ ბაზრებზე ორიენტირდა. ეს ის მხარჯველუნარიანი ტურისტი არ არის საქართველოსთვის, რომელიც არგებს ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას”, - აცხადებს ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ჯავშნებს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მართალია ქვეყანაზე ინტერესი არის, თუმცა გარანტირებული ჯავშნები არ კეთდება და სტუმრები სიტუაციის დაკვირვების პროცესში არიან.