One above Georgia-ს დირექტორი ანა კირკიტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის მთავარი პრობლემა სველი წერტილების არარსებობაა. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, სველი წერტილები, ფაქტობრივად, არსადაა მოწყობილი.
"სველი წერტილები პრაქტიკულად არსად გვაქვს. გიდებისგან ხშირად გამიგია , რომ აფრთხილებენ ტურისტებს, ბევრი წყალი არ დალიონ, რათა სველი წერტილით სარგებლობა ხშირად არ მოუწიოთ. პრობლემა განსაკუთრებით დიდ ჯგუფებთან დგას, რადგან დიდი ჯგუფების გაჩერება ისეთ ადგილებზე, სადაც ერთი ან ორი სველი წერტილია, შეუძლებელია, დიდი დრო მიაქვს", - ამბობს ანა კირკიტაძე.
კიდევ ერთ გამოწვევად One above Georgia-ს დირექტორი მოუწესრიგებელ გზებსა და დანაგვიანებულ გარემოს ასახელებს.
"ბევრ ტურისტულ ადგილას გზები გაფუჭებულია. მაგალითად, თითქმის ყველა ტურისტი ადის ყაზბეგში. ყაზბეგის გზები სიცივის და ბევრი ტრაილერის მოძრაობის გამო ფუჭდება. სიღნაღში ერთი ტურისტული კედელი გვაქვს, რომელიც იმდენად გაფუჭებულია, რომ იქ ასვლა რთულია, ნაწილები მონგრეულია. ამასთან, პრობლემაა დანაგვიანება. იმ ადგილას, სადაც ფეხით მისასვლელი გზა არის, ბევრი ნაგავი გროვდება", - აცხადებს ანა კირკიტაძე.