მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დატვირთულობა არასახარბიელოა... MICE ტურიზმი შეჩერებულია” - როგორ მუშაობს Hilton Garden Inn?

თბილისი

თბილისის ცენტრში მდებარე ბრენდული სასტუმრო - Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze, ამ ეტაპზე, წინა წლებთან შედარებით, დაბალი დატვირთულობით მუშაობს. როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი, ეკო კალანდარიშვილი, BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტული ნაკადების შემცირება გამოიწვია. მარტიდან დატვირთულობის ზრდის ტენდენციები შეინიშნება, თუმცა პროგნოზის გაკეთება ჯერ კიდევ რთულია.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია. „ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიზარდა დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან. ეს ორივე ბაზარი ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ტურისტულად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობისთვისაც. MICE ტურიზმი შეჩერებულია. არ ვიცი რა დროით და როდის გამოსწორდება სიტუაცია. დატვირთულობის მხრივაც ვერ ვიტყვით რომ სახარბიელო მდგომარეობაა. თებერვალ - მარტი მცირედით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა როგორ შეიცვლება ვითარება ამის განსაზღვრა გვიჭირს“, - განმარტა ეკო კალანდარიშვილმა.

BM.GE-ის კითხვაზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ STR Global-ის მონაცემებს ეხებოდა და რომლის მიხედვითაც, ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა გასულ წელს გაიზარდა, ეკო კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-მ 2024 წელს ორნიშნა ზრდა აჩვენა წინა წელთან მიმართებით.

სასტუმროში განთავსების საფასო პოლიტიკაზე საუბრისას კი Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ს გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს: „2025 წლის პირველ კვარტალში, ტურისტების რაოდენობის კლება და გამძაფრებული კონკურენცია მთელი ბაზრისთვის გამოწვევად იქცა. ფასების შემცირება თითქმის ყველა სასტუმროს მოუწია. დღეს, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მომხმარებელს პრაქტიკულად ერთნაირ ჯგუფურ ფასებს სთავაზობენ, რაც ბიზნესისთვის არასასურველი და საკმაოდ პრობლემური რეალობაა.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები