მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დატვირთულობა და ფასი 10%-ით გაიზარდა“ - როგორი იყო 2023 წელი სასტუმროებისთვის?

სასტუმრო

სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტის გიორგი დოლიძის შეფასებით, 2023 წელი სასტუმრო ინდუსტრიისთვის პოზიტიური იყო. როგორც დოლიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ერთადერთი რთული თვე ნოემბერი იყო, რაც ისრაელში დაწყებულ საომარ მოქმედებებს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, წლის სხვა პერიოდში თბილისში მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი სასტუმროების დატვირთულობა 45%-დან 70%-მდე მერყეობდა. აჭარაში საზღვაო სეზონი კი 60-65%-იანი დატვირთულობით დასრულდა.

„ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წლიდან ყოველი მომდევნო წელი უკეთესია და საშუალოდ 10%-ით იზრდება დატვირთულობა და საფასო ინდექსი. 2023 წელი დაიწყო ძალიან კარგად, მიუხედავად რეგიონში შექმნილი ვითარებისა ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დატვირთულობა იანვრიდან აპრილის ჩათვლით, თბილისში საშუალოდ ეს იყო 45-50%, ხოლო მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე თბილისმა მიაღწია 70%-იან ნიშნულს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია მით უმეტეს გაზრდილი ფასების პირობებში. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები მერყეობდა 150-დან 200$-მდე და 4 ვარსკვლავიანი 80-90$-მდე.

მდგომარეობა გაფუჭდა ნოემბრიდან, რაც გამოიწვია ალბათ ისრაელში მიმდინარე მოვლენებმა. სტატისტიკურად მოწინავე შემომსვლელები სწორედ იყვნენ ისრაელის მოქალაქეები, ამიტომ დარტყმა მიიღო 4 და 5 ვარსკვლავიანმა სეგმენტმა.

აჭარაში მაღალი სეზონი ძალიან კარგად დასრულდა. აპარტამენტების და სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 60-65%ს მიაღწია, რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, აქაც იგივე მაჩვენებლები ფიქსირდებოდა. მცხეთა-მთიანეთის, კახეთის სასტუმროებში ეს იყო 60-65%, ამას ძალიან უწყობდა ხელს შიდა ტურიზმი, კახეთი გამოირჩეოდა პარასკევი-შაბათის 100%-იანი დატვირთულობით“, - აცხადებს დოლიძე.

ზამთრის სეზონის მოლოდინებზე საუბრისას გიორგი დოლიძე ამბობს, რომ წელი საშუალოდ 80%-იანი დატვირთულობით დასრულდება ბაკურიანსა და გუდაურში, მესტიაში კი მოლოდინია, რომ დატვირთულობა 60%-ის ფარგლებში იქნება.

„მომდევნო პერიოდს რომ გადავხედოთ, ახალი წლის პერიოდი ყველგან და მათ შორის თბილისშიც 100%-იანი დატვირთვით არის, საუბარია 30 დეკემბრიდან 3-4 იანვრამდე, შემდეგ შობა, ძველი ახალი წელი ამას ავსებენ ქართველი ტურისტები. მე ვფიქრობ, თუ გზის ჩაკეტვის და ინფრასტრუქტურულ ნაწილში პრობლემები არ იქნება 80-%-იანი დატვირთულობა იქნება გუდაურსა და ბაკურიანში. რაც შეეხება სვანეთს ალბათ მესტიაში სეზონი 60-65%-იანი ნიშნულით წარიმართება“, - მიიჩნევს გიორგი დოლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები