2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი სასტუმროების სექტორისთვის მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა. როგორც HSC Group Hospitality დირექტორმა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველმა გიორგი დოლიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე საშუალო დატვირთულობამ 90% შეადგინა, ივლისსა და აგვისტოში კი ცალკეულ ობიექტებში დატვირთულობამ 95%-ს, ზოგ შემთხვევაში კი 100%-საც მიაღწია.
მისი შეფასებით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე სასტუმროებმა ფასებიც საშუალოდ 5-10%-ით გაზარდეს და 2026 წელი, წინასწარი მოლოდინით, 2025 წელთან შედარებით 7-8%-იანი ზრდით დასრულდება.
„თბილისის ცხელ სეზონს, რომელიც ფაქტობრივად ახლაც გრძელდება, მაღალი სეზონისა და მაღალი დატვირთულობის პიკში შეგვიძლია ვუწოდოთ. აპრილის შუა რიცხვებიდან, მაისის დასაწყისიდან, ჩვენს შემთხვევაში საშუალო დატვირთულობამ 90% შეადგინა. დღეს, მაგალითად, ივლისსა და აგვისტოში რეკორდული მონაცემები გვქონდა. ჩვენი სასტუმროს ისტორიული მაქსიმუმი 95%-ზე მეტი დატვირთულობა იყო.
როდესაც იზრდება მოთხოვნა, ვცდილობთ, რომ ფასებმაც აუწყოს ფეხი და შესაბამისად, საშუალოდ 5-10%-ით გავზარდოთ. მთლიანობაში, პირველმა შვიდმა - რვა თვემ საკმაოდ დამაიმედებელი და დამაჯერებელი შედეგები დადო და ვფიქრობ, 2026 წელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანად წლის ჭრილშიც, დაახლოებით 7-8%-იანი ნამატით უნდა დასრულდეს.“- აცხადებს დოლიძე.
HSC Group Hospitality-ში აცხადებენ, რომ მაღალი დატვირთულობა ბაზრის სხვა მოთამაშეებთანაც შეინიშნება.
ტურისტული ნაკადების ზრდა რამდენიმე მიმართულებიდან ფიქსირდება. მათ შორის, აქტიურ ბაზრებად რჩება ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველოს მეზობელი ქვეყნები.
„ჩვენ არ ვართ ამ შემთხვევაში გამონაკლისი. სხვადასხვა კოლეგა და პარტნიორი სასტუმროებიც აჩვენებენ მაღალი დატვირთულობის ნიშნულებს. ასევე ბათუმში, სადაც წელს მაღალ სეზონში პირველად შევედით 795-ნომრიანი აპარტოტელით, დატვირთულობა იყო 80, 90, 95 და ზოგ შემთხვევაში 100%-იც კი.
გაზრდილია ტურისტების რიცხვი ევროპიდან, გაზრდილია ტურისტების რიცხვი ჩინეთიდან, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებიდან და სხვა ტრადიციული ქვეყნებიდანაც. არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც გაზრდილია 40-50%-ით, ზოგიერთი არის გასამმაგებული. მაგალითად, ბრიტანეთი შეიძლება იყოს 100-150%-ით გაზრდილი, რისი მიზეზიც პირდაპირი ფრენებია“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
bmg-თან საუბრისას ის აქცენტს მხარჯველუნარიანობის ზრდაზეც აკეთებს და ამბობს, რომ ამისთვის საქართველოში მეტი საერთაშორისო, მათ შორის უმაღლესი კლასის სასტუმროს ბრენდისა და პრემიუმ სეგმენტის ინფრასტრუქტურის გაჩენაა საჭირო.
„საქართველოს, რაც ამ ეტაპზე მე ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში დაემატოს და ჰქონდეს, არის ის სასტუმრო საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არიან და მსოფლიოში პოზიციონირებენ როგორც ყველაზე "ლაქშერი" მიმართულება. ეს უფრო მეტად იზიდავს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტს
სერვისს რაც შეეხება, ესეც კარგია, რომ წლიდან წლამდე ვითარდება. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჰოსპიტალითი სფეროს უფრო მეტად პრესტიჟულად ჩამოყალიბება. რაც უფრო გადის დრო, ხალხი ხვდება, რომ ამ სფეროში მუშაობა ფასდება.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი დოლიძემ.




























