მესტიაში მდებარე სასტუმროების ნაწილი ზამთრის ტურისტულ სეზონს ფაქტობრივად ცარიელი ხვდება. „0%-იანი დატვირთვა გვაქვს“- ამბობს სასტუმრო ლაჰილის დამფუძნებელი. ლევან დადვანის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა სასტუმროებშიც, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
„დატვირთვა არის 0%, რა თქმა უნდა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი ზეგავლენაა ტურიზმზე. მაშინ, როცა ზამთრის ტურისტული სეზონი უნდა დაიწყოს და შეივსოს საახალწლო არდადეგებზე კურორტები, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან არაფერი ხდება, არანაირი ჯავშნები არ შემოსულა. რა იქნება, წინასწარ თქმა რთულია. იგივე ხდება ყველგან.
შიდა ტურიზმი უფრო ძლიერი იყო წინასაახალწლო პერიოდში, თებერვლიდან უცხოელები მეტი იყვნენ. ამ ეტაპზე რაიმის პროგნოზირება ურთულესია, კანტი-კუნტად ბუქინგზე შემოსული ჯავშნებია. ესენი არიან დსთ-ს ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ევროპელი ტურისტი არ აქტიურობს, ისინი უყურებენ მოვლენებს“,-აცხადებს ლევან დადვანი.
მისი თქმით, რთულია პროგნოზირება როგორ გადაიხდიან ხელფასებს და რამდენად შეძლებენ ვალდებულებებს მოემსახურონ.
„ზუსტად ამაზე ვმსჯელობდით, რა გავაკეთოთ, რა იქნება. როგორ მოვიქცეთ ვერ ვსაზღვრავთ. რთული სიტუაციაა. კორონას დროს იცოდი მაინც, რომ დაკეტილი იყავი, ახლა საერთოდ ქაოსია“,-აცხადებს სასტუმრო „ლაჰილის“ დამფუძნებელი.