ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციების პროექტებზე მუშაობენ, რომლის კენჭისყრაც 25 აპრილს არის დაგეგმილი. ამჟამად განიხილება 4 რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორების ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. რეზოლუციების ძირითადი მოწოდებაა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდეთ 83 დეპუტატსა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების თანახმად, აგენტების შესახებ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ:
"ევროპარლამენტი გამოხატავს განგაშს, რომ რუსული სტილის უცხოური გავლენის აგენტების აქტის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უძღვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას, სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია და საფრთხის ქვეშ დგება მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია დგას.
ევროპარლამენტი შეშფოთებულია, რომ შემოთავაზებული უცხოური გავლენის აგენტების კანონი ძირს უთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების მუშაობას, რომლებიც არიან საუკეთესო და ეფექტური სუბიექტები ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში;
ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს; დგას ქართველი ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს იცხოვრონ განვითარებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს.
კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა; კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსადმი, განიხილოს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოვუწოდებთ კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება განაპირობოს ამ კანონის საქართველოს სამართლებრივი წყობიდან ამოღებით, მისი მიღების შემთხვევაში", - წერია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის სხვა პროექტში ასევე ხაზგასმულია მოწოდებები ივანიშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების სანქცირების შესახებ, ხაზგასმულია, რომ საქართველომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების სანქცირების მოწოდებებს არ შეიცავს რეზოლუციის სხვა პროექტი, თუმცა მასში ხაზგასმულია, აგენტების შესახებ კანონის მიღება უნდა გახდეს ევროკომისიისთვის იმის საბაბი, რომ შეაფასოს არის თუ არა თანხვედრაში ეს ნაბიჯი იმ დემოკრატიულ ვალდებულებებთან, რასაც ვიზალიბერალიზაციის ჩარჩო ითვალისწინებს. ასევე რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ შეშფოთებას იწვევს ქართული ოცნების მიერ ანტი LGBTQ პროპაგანდისკენ მიმართული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირება.
რეზოლუციის მეოთხე პროექტში კი ნათქვამია, რომ რუსული სტილის აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ხაზგასმულია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკომისიამ კანონის მხარდამჭერთა სანქცირების მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები.